ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მეტროსადგურში დაკავებულ ერთ-ერთ პირს დაზიანებები აღენიშნება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის, ან პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენი გამოეხმაურა გუშინ, მეტროსადგურში „თავისუფლების მოედანი“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ორი მამაკაცი დააკავეს. ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს და გამოძიების პროცესს დააკვირდება.

“ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ განსაკუთრებით დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების პრობლემატურობაზე. ჩვენმა წარმომადგენელმა წუხელ უკვე მოინახულა ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც ჩვენი წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთ-ერთს აღენიშნება დაზიანებები, რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა. ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავება მოხდა ორი მუხლის საფუძველზე და მათ ბრალი წარედგინათ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, თუმცა როგორც წესი, ორივე მუხლი ხშირად ხდება ხოლმე პრობლემატური, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს, თუ რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით. მომხდარს ვუყურებთ არა ინდივიდუალურ ჭრილში, არამედ სისტემურად, რადგან დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გამოძიებას მივადევნებთ თვალყურს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაიკითხება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თბილისში პარკირების სისტემა და სატრანსპორტო პოლიტიკა შესაცვლელია