ნინო ლომჯარიამ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ დახურული შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ, დახურული შეხვედრა გამართა, რა დროსაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა.

„შეხვედრაზე ერთი-ერთზე ვისაუბრეთ, საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო. არ შემიძლია, ვისაუბრო პრეზიდენტის განწყობებსა და განცხადებებზე. უახლოეს პერიოდში ის ალბათ თავად გააკეთებს შეფასებებს. ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ჩემი მხრიდან დაყენებული იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ, ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს.

ასევე, ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით, ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა და არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს.

„მე ვფიქრობ, რომ იყო გულწრფელი საუბარი და პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა მის ნაცვლად მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როგორც ვიცი, ის აპირებს მედიასთან საუბარს და დამატებითი დეტალების კითხვის საშუალება იქ გექნებათ. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო.

ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციონირებას და ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანური უფლებების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ტვიტერმა” რომან პროტასევიჩს ახალი აკაუნტი დაუბლოკა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: ლექსო უკვე 5 ივლისს იყო განწირული ხელისუფლების მხრიდან