ნინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა ოჯახის სურვილით გაიმართა.

ოჯახის წევრების განცხადებით, სახალხო დამცველს საქმის გარემოებებზე ესაუბრნენ და იმ კითხვების შესახებ აცნობეს, რაც ოჯახს ამ დრომდე გამოძიების მიმართ აქვს.

„დეტალურად მოვისმინე ოჯახისა და ადვოკატის წუხილები გამოძიებაზე. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი ჩაერთვება საქმის შესწავლის პროცესში და ადვოკატთან ერთად საქმის გარემოებებს გავეცნობი. ასევე სურვილს გამოვთქვამ, რომ გენერალურ პროკურორს შევხვდე. გუშინ გავრცელდა განცხადება, რომ პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, რა გეგმები აქვს პროკურატურას. ასევე ოჯახს პროკურორისგან მიღებული აქვს დაპირება, რომ დაეხმარებიან. საეჭვო გარემოებებზე დავსვამ კითხვებს და იმედი მაქვს, პროკურატურა გამოეხმაურება ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში საქმის მასალებს გავეცნოთ. ვნახოთ რა დევს გამოძიებაში და რა გამოიკვეთება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც ადვოკატ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ოჯახი იმედოვნებს, რომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე იმ შედეგს მიიღებენ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ოჯახი ელოდება.

„დეტალურად ვესაუბრეთ საქმესთან დაკავშირებით რა კითხვებიც გვქონდა და რატომ გაჩნდა, რისგან იყო განპირობებული უნდობლობა, რატომ არ მოქმედებდა გამოძიება სრულყოფილად, რატომ არის 24-საათიანი მუშაობის გრაფიკი დარღვეული. სახალხო დამცველისგან მივიღეთ დამაიმედებელი პასუხი. მისი თქმით, პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს და ყველაფერს განიხილავს მასთან ერთად. ვიმედოვნებ, სახალხო დამცველის პოზიციასაც, მის სიტყვასაც ექნება აზრი. იმედია, მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ამდენი ხანი ველოდებით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს
შემდეგი სტატიაპოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება