ნინო ლომჯარია : სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20 პროცენტია სრულად შესრულებული

admin
ავტ.: admin ივნისი 4, 2020 13:32

ნინო ლომჯარია : სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20 პროცენტია სრულად შესრულებული

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან ​სრულად მხოლოდ 20 პროცენტია შესრულებული. ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რეკომენდაციების დაახლოებით 60 პროცენტი სრულიად შეუსრულებელია.

„2018 წლის ადამიანის უფლების ანგარიშში სახალხო დამცველმა გასცა 310 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციებიდან 259 პარლამენტმა სავალდებულო დავალებად აქცია შესაბამისი უწყებების მიმართ. დღეს განვიხილავთ უწყებებმა რამდენად შეასრულეს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებები. თუმცა სახალხო დამცველმა უკვე მოახდინა დავალებების შესრულების მონიტორინგი. დღეს პარლამენტის წინაშე სპეციალური ანგარიშით წარვდგებით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გაცემული რეკომენდაციების 20 პროცენტია შესრულებული, 19 პროცენტი ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო დაახლოებით 60 პროცენტი სრულიად შეუსრულებელია. ეს მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი. დაბალი მონაცემებია და ბევრი საკითხი რაზეც 2018 წელის ანგარიშში ვსაუბრობდით 2019 წლის ანგარიშშია გადმოსული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მომავალ კვირაში პარლამენტი უკვე 2019 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშს განიხილავს. ამასთან ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რეკომენდაციების ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი შსს-ს აქვს.

„რეკომენდაციების ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი აქვს შსს. შარშანდელის მსგავსად ნახევარზე მეტი რეკომენდაციები შესრულებული აქვს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რაც შეეხება სამხრე კამერების დამატებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას და პოლიციელების ყველა დანაყოფის სამხრე კამერებით მაქსიმალურად აღჭურვას, არის შეუსრულებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომელიც ძალიან ბევრ უფლებადარღვევას აგვარიდებს თავიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

„რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად ჩვენთან არ ითანამშრომლა. არ მოგვაწოდა არც ერთი ინფორმაცია და არც ერთ წერილზე პასუხი არ გაგვცა, თუ რა ეტაპზეა მათი მხრიდან დავალებების შესრულების მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, სხვა წყაროებით, ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დავადგინეთ და დაახლოებით 10 რეკომენდაციაა ნაწილობრივ და სრულად შესრულებული 31 რეკომენდაციიდან. ასევე პროკურატურამ არ ითანამშრომლა ჩვენთან და არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ჩვენ გაცემულ რეკომენდაციებს სხვა გზებით ვამონიტორინგებთ. მაგალითად, ჩვენ არ ვთვლით იმ რეკომენდაციებს შესრულებულად, რომელიც მიემართებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტურად გამოძიებას. შარშან ჩვენ დასრულებული საქმის მასალები შევისწავლეთ და მიგვაჩნია, რომ არ ჩატარდა მთელი რიგი სავალდებულო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გამოძიება ეფექტურად არ ჩატარდა ამ მიმართულებით. ​იმავეს ვიტყოდი სარალიძის საქმეზე. ერთ-ერთი დავალება იყო, რომ მოეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია პროკურატურას, შეისწავლა თუ არა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. პროკურატურამ აიღო ვალდებულება, რომ შეისწავლიდა შიდა სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ხომ არ იყო სამსახურეობრივი გადაცდომა გამომძიებლების და პროკურორების მხრიდან, თუმცა აღნიშნული რეკომენდაციაც შეუსრულებელია. უცნობია პროკურატურამ რა შეისწავლა და რა არის შედეგები. უკვე ორი წელი გავიდა ფაქტის შემდეგ. პროკურატურასთან მიმართებით შეუსწავლელია აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ რეკომენდაცია. წლებია აღნიშნული გამოძიების მიმართ რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი და ფაქტობრივად გამოძიება გაყინულია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყველაზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული შრომის, ჯანმრთელობის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

„ყველაზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული შრომის, ჯანმრთელობის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და ის გახლავთ უწყება, რომელმაც ყველაზე ნაკლები რეკომენდაცია შეასრულა. შეუსრულებელი რეკომენდაციების წილი არის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებით. შეუსრულებელი რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხება ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებს, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს“, – აღნშნა ნინო ლომჯარიამ.

admin
ავტ.: admin ივნისი 4, 2020 13:32

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics