ნინო ლომჯარია : პრობლემა მხოლოდ სამართალდამცველთა ჩარევით ვერ გადაიჭრება, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ლომჯარიას შეფასებით, პრობლემა მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შედეგად ვერ გადაიჭრება და მნიშვნელოვანია, შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

„ყოველდღიურად უკვე იმდენი დაპირისპირება და დაკავება ხდება, რომ ალბათ, ცალ-ცალკე შეფასებას სჯობს, ფართოდ შევხედოთ ამ სურათს. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ სამართალდამცველთა ჩარევით აღნიშნული პრობლემა ვერ გადაიჭრება. მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯები, რაც პოლიტიკურ კონსესუსს გულისხმობს. საარჩევნო სისტემა უნდა იყოს პოლიტიკური კონსესუსის შედეგად მიღწეული სისტემა და არა ის სისტემა, რომელიც ერთ და მითუმეტეს მმართველ ძალას აწყობს“ ,- განაცხად ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს.

„რადგან არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანის უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი და უკავშირდება სამართლიან, თანაბარ, თანასწორ საარჩევნო უფლებას. პროპორციულობა სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია“ , – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება 2011-2012 წლის საარჩევნო კამპანიას ჰგავს.

„ეს ვითარება ძალიან მაგონებს 2011-2012 წლის საარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩვენ გვქონდა ყოველდღიური დაპირისპირება, კონტრაქციები და ფიზიკური ანგარიშწორება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მისამართით, რაც საბოლოო ჯამში, აისახა იმაში, რომ ძალიან ცუდი, მძიმე შეფასებები მიიღო საქართველომ არჩევნების თავისუფლების თვალსაზრისით. თუ ეს ასე გაგრძელდება, ეს ყველაფერი აისახება ქვეყანაზე და ხალხზე. რეალურად, თითქმის ყველა უწყება გადასულია იმაზე, რომ ყოველდღიური დაპირისპირებები აღმოიფხვრას და განიმუხტოს, დღესდღეობით არავის სცალია იმისთვის, რომ ვიფიქროთ გრძელვადიან რეფორმებზე. ასე თუ გაგრძელდა, საქართველოსთვის განვითარების თვალსაზრისით იქნება ძალიან დიდი საფრთხე“ ,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიცია ყოველთვის ეფექტური არ არის და ფაქტია, რომ კონტრაქციების მართვა საკმაოდ პრობლემატურია.

„არა მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში, არამედ წინა აქციებზეც, ზაფხულის განმავლობაშიც ვნახეთ, რომ კონტრაქციის მართვის დროს აგრესიული ძალა ესხმოდა თავს მშვიდობიან მანიფესტანტებს და პოლიცია მათ დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. შსს-მ უნდა მოახდინოს ყველა ფაქტზე რეაგირება, სადაც მოხდა ფიზიკური ძალადობა, ანგარიშსწორება, განურჩევლად იმისა, ვინ ჩაიდინა, უნდა დაიწყოს გამოძიება და იდენტიფიცირებული იყვნენ ეს ადამიანები. გუშინ ვნახე, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად აქტივისტებს და ძალიან დროულად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, პასუხისგებაში მიცემა”,-განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ განცხადებას ავრცელებენ – საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი ხელისუფლება
შემდეგი სტატიახმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში – ერთმანეთს “ოცნების” და ენმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ