ნინო ლომჯარია: ფარულ ჩანაწერებთან მიმართებაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, დისკრედიტაციის, საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია.

ამის შესახებ სახალხო დამცველი „ფეისბუქში“ წერს.

„წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: დემოკრატია დიდ საფრთხეშია დღეს ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო
შემდეგი სტატიაანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა