ნინო ლომჯარია – ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს.

როგორც ჟურნალისტებს ლომჯარიამ განუცხადა, განვითარებული პროცესები და ასეთი დასასრული მოულოდნელი იყო იმ ვითარებაში, როცა არც ერთ აქტორს, რომელიც მედია დამოუკიდებლობის ხარისხს აფასებს, არ ჰქონია, რაიმე პრეტენზია აჭარის მაუწყებლობის მიმართ.

„აჭარის ტელევიზია აღიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, დაბალანსებული მედია საშუალება, რომელიც აშუქებდა მრავალფეროვნებას, მათ შორის ეთნიკურ, კულტურულ მრავალფეროვნებას. პოლიტიკური თვალსაზრისითაც დაბალანსებული იყო. ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს, რომ ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა მისი იმპიჩმენტი, როცა დირექტორს ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და იმედია, სასამართლო თავის სათქმელს იტყვის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყოს იმ სარედაქციო პოლიტიკასთან, რასაც ტელევიზია ატარებდა, რადგან დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია იყო. როცა ტელევიზიის მიმართ გარე პრეტენზია არ არსებობდა და დაჩქარებულად მოხდა დირექტორის იმპიჩმენტი, ამაზე კითხვები მეც მიჩნდება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

banner
წინა სტატიაში,, ახლა „ქართული ოცნების“ სიმარტოვე მეტად გაძლიერდა”-ლევან გოგიჩაიშვილი
შემდეგი სტატია„პრინციპულ საკითხად რჩება ფარული კენჭისყრის გაუქმება” – ლომჯარია მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტზე