ნინო ლომჯარია: კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. ნინო ლომჯარიამ ანგარიში მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა.

„საქმის მასალების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა, უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ისევე როგორც გასულ წელს, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევებსა და მკურნალობას. შედეგად, კი არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა პაციენტთა გარდაცვალებებს იწვევს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.

„სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3 პროცენტში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8 პროცენტი, ხოლო 2019 წელს 31.8 პროცენტი იყო. სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა ციხეებში ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურაზეც ისაუბრა.

„წინა წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის საქმეები (2013-2020 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით), სადაც პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარის, ცემის, გამოძალვის, ეკონომიკური დანაშაულების, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმრები, ასევე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას, საქართველოს პროკურატურისა და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოებს აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით არ მოუხდენია, ასევე, მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი დარჩა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და „სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას“.

„2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან მისი თქმით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები.

„კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ.

„ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის სამი თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ ერთი პირი ცნეს. 2019 წლის 20 ივნისის გამოძიებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უცვლელია. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და არ ახდენს მოვლენების სრულ სისტემატურ ანალიზსა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
შემდეგი სტატიააფხაზები პოზდნერს თავისთან ეპატიჟებიან