“ყველა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულმა დიქტატორმა უნდა იცოდეს, რომ მათი პირადი უსაფრთხოების გარანტია რეპრესიები, ხალხის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება , პოლიციის და სასამართლოს მიტაცება კი არ არის, არამედ – დემოკრატიაა”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ტრამპის მიერ ვენესუელას პრეზიდენტის დაკავების ფაქტს.
როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, თუ იმ დიქტატორებს არ მოეთხოვება პასუხი თავიანთ დანაშაულებებზე, მაშინ, ყველა ძალაუფლებას დახარბებული გადაწყვეტს დანაშაულებრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
“თუ ყველა დიქტატორს ეცოდინება, რომ 1000-ობით ადამიანს დახოცავს, აწამებს, დაწამლავს, ციხეში გამოამწყვდევს, რეპრესიულ კანონებს მიიღებს, არჩევნების გაყალბებით ხელისუფებას მიიტაცებს, ნარკოტრეფიკინგის ან ქოლ ცენტრებს უხელმძღვანელებს და მაინც ხელშეუხებელი იქნება, მაშინ ყველა ძალაუფლებას დახარბებული გადაწყვეტს იგივე გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება, საერთაშორისო სამართალი კი დარჩება ტექსტად და თეორიად და ვისწავლით ისე, როგორც, მაგალითად, ლათინურ ენას სწავლობენ ხოლმე.
საერთაშორისო სამართალი იცავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას და აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ყველა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულმა დიქტატორმა უნდა იცოდეს, რომ მათი პირადი უსაფრთხოების გარანტია რეპრესიები, ხალხის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება , პოლიციის და სასამართლოს მიტაცება კი არ არის, არამედ – დემოკრატიაა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა და ხელისუფლების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გადაბარებაა”, – წერს ნინო ლომჯარია.


















