ნინო ლომჯარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საჯაროდ აიცრა. სახალხო დამცველმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, ის თავს კარგად გრძნობს და მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

„როდესაც სახელმწიფო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს აიცრან, როდესაც ვაქცინაციისა და კონკრეტული ვაქცინის მიმართ არსებობს სკეპტიკური დამოკიდებულება, შიშები, რაც ობიექტურ გარემოებებსაც ეფუძნება, გვქონდა ძალიან ტრაგიკული შემთხვევა ექთნის გარდაცვალების, ვფიქრობ, თანამდებობის პირები არიან ვალდებულნი, მოქალაქეებს მისცენ მაგალითი.

არსებობს შიშები ამ ვაქცინის მიმართ, გარკვეული ღელვა ახლდა ჩემი მხრიდანაც. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი მოქალაქეებს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყველა უნდა ავიცრათ. პირიქით, უფრო მეტი ვაქცინა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უფრო მეტი ვაქცინა ჩამოვიდეს, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ მის შესახებ. ვიტყოდი, რომ „ასტრაზენეკა“ სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და ნდობით. მეორე დოზის გაკეთებაც მნიშვნელოვანია. ვაქცინა იყო ცოტა უფრო მტკივნეული, ვიდრე გრიპის ვაქცინა, თუმცა ჯერ ვერანაირ ცვლილებას ვერ ვატყობ. დავრჩები აქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი შეუერთდა ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, 100 ცნობადი სახე აიცრება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე – რუსეთის პრეზინდენტის გინება და შარვალჩახდილი ვაჟკაცების საზღვარზე გამოსვლები ვერ გამიგია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სააკაშვილი უკრაინაში გაგდების პირასაა