ნინო ლომჯარია: არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა-ომბუდსმენის ანგარიში

2020 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებსაც მიმოიხილავს.

ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.

„არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა; დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც. საყურადღებოა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ“ არჩევნებად შეაფასა.

ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეუთო-ს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას“, – ამის შესახებ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში წერს, რომელიც პარლამენტს უკვე გაეგზავნა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული.

„იმედი გვაქვს, საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ლომჯარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სადაც 2020 წლის ანგარიში მედიას გააცნო.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება – ომბუდსმენის ანგარიში
შემდეგი სტატია„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება