ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი მიიღეს

დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებით ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, უარი პროცედურული მოტივით არის განპირობებული.

„როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, რადგან ასე ვთქვათ, ამაზე პირდაპირ უარით აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული, კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: “შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია…”