ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, ჯერ მისთვის მოესმინათ და შემდეგ განეხილათ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, ჯერ ომბუდსმენისთვის მოესმინათ და შემდეგ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განეხილათ.

როგორც ჟურნალისტებს ლომჯარიამ განუცხადა, ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენს იქამდე მოუსმენენ, ვიდრე კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა იქნება.

„ჩემთვის ეს პროცედურაც მისაღებია. მთავარია, სანამ დეპუტატები გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახალხო დამცველს მოუსმინონ. ჩემი მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს სრული ინფორმაცია ექნებათ, გადაწყვეტილება მიიღონ, მხარს დაუჭერენ თუ არა არსებული ფორმით კანონპროექტს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფორმალური იქნება. რეგლამენტით შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტი კვლავ განხილვას დაუბრუნდეს, მათ შორის მეორე მოსმენის მერე შესაძლებელია, განხილვა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოსმენა ფორმალობა იქნება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კარგია, რომ ორი რეკომენდაცია გაითვალისწინეს. არ ვთვლი, რომ ეს საკითხები უმნიშვნელოა. პროცესში ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის გამოცდის მოხსნას და ამას მივესალმები, მაგრამ მესამე პრინციპული საკითხი არსებობს, რაზეც ვენეციის კომისია, ასევე „ოდირი“ საუბრობენ. ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც მოსამართლეთა ნომინირებას არეგულირებს, ამბობს, რომ მოსამართლეთა ნომინირებისას იმ კანდიდატების წარდგენა უნდა მოხდეს, ვინც საუკეთესო შეფასებებს იღებს და ყველაზე უკეთესები არიან კანდიდატებს შორის. ეს შეუძლებელია, თუ ფარული კენჭისყრა იარსებებს, რადგან შეფასების სისტემას ძირს უთხრის. ყველა საერთაშორისო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს პროცესი შეფასების სისტემით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – ჩვენი მთავარი მიზანია, პანკისის მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი სოფელ დუისში პანკისის მოსახლეობას ხვდებიან