ნინო კალანდაძე ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. დაკითხვა 13:00 საათზეა დანიშნული. საქმე სავარაუდოდ, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა. კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში პურის ფქვილი გაძვირდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება, ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხართეძოზე წამოწვეს, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და არ იმუშაოს