ნინო ჯანგირაშვილმა და თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თამთა მურადაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

”მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე კამათი ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, სარეკლამო ბაზრის საკითხზე საუბარს მოჰყვა, როდესაც ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ სარეკლამო ბაზარმა იკლო, პარლამენტის თავმჯდომარე კი საპირისპიროს ამტკიცებდა და მას სიცრუეში ადანაშაულებდა.

ჯანგირაშვილმა ითხოვა 5 წუთი განცხადებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, მისთვის სიტყვა არ შეეწყვეტინებინა, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ”თუ ტყუილების საუბარს გააგრძელებდა, ვერ მოუსმენდა”.

„თქვენ ხართ დესტრუქციული და მე ვტოვებ ამ შეხვედრას“, – მიმართა ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ჯანგირაშვილის შემდეგ შეხვედრა დატოვა თამთა მურადაშვილმაც და ამის მიზეზად დაასახელა ის, ”როგორ მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელს”.

ამასთან, თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზე იყო და ”ემესიჯებოდა კომუნიკაცების ეროვნული კომისიის წარმომადგენელს კახი ბექაურს და მისგან ღებულობდა ინფორმაციას სარეკლამო ბაზრის თაობაზე”.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა