ნინო გვენეტაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება

მოსამართლეთა რიგით XXII კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. როგორც „თაიმერს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო გვენეტაძე კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა და გასულ წელს განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლო პროცესების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად დაგეგმილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების ახალი სისტემებით.

მისი თქმით, აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასამართლოს გადატვირთულობის მიმართებით არსებული პრობლემების მოგვარებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2021 წლისათვის. ამ წლის ბოლომდე დასრულდება მიმდინარე მშენებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსათავსებლად.

„აღნიშნული ახალი კორპუსი დაახლოებით 40% -ით განტვირთავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაჩნდება შესაძლებლობა გამოთავისუფლებული სასამართლო სხდომის დარბაზების ეფექტურად გამოყენებისა სისხლის და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გნსახორციელებლად“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მოხსენების დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს სასამართლო სისტემისთვის გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. ასევე, აღნიშნა, რომ დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც უზენაეს სასამართლოსთან ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, უკვე დაწყებულია ფართო თანამშრომლობა 2018 წლის სასამართლო სისტემის მართლმსაჯულების სტრატეეგიის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიLIVE-სამსონ ქუთათელაძის ცხედარი ეკლესიიდან გამოასვენეს
შემდეგი სტატიაბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა