(video) ნინო გოგუაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2018 23:27

(video) ნინო გოგუაძე:  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია

თამარ ჩუგოშვილი და ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უკრაინაში ომის ჰუმანიტარულ შედეგებსა და ამ საკითხზე, მომხსენებელ ეგიდიუს ვარეიკისის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე იმსჯელა.

საკითხის შესახებ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრი, ნინო გოგუაძე გამოვიდნენ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეზოლუცია, პირადად მისგან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პერსონალურ მხარდაჭერასაც იმსახურებს.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ომის შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა და მოწმეა უახლეს წარსულში ჰუმანიტარული კრიზისის, მაშასადამე, ჩემი მხრიდან, ეს რეზოლუცია იმსახურებს არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ როგორც რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლის პერსონალურ მხარდაჭერასაც“,- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომთან დაკავშირებით მომზადებული სხვა რეზოლუციების იმპლემენტაციის მხრივ აღსანიშნავი პროგრესი არ განხორციელებულა, რაც თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასამბლეისთვის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს.

„შემოთავაზებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, შეუწყვიტოს ყველანაირი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და უზრუნველყოს ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება. ეს მოთხოვნები ლეგიტიმურია. მთავარი შეკითხვა ისაა, რას გააკეთებს ასამბლეა, თუ მისი რეზოლუციები მომავალშიც იგნორირებული იქნება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იძულებით გაადაადგილებული პირების პოლიტიკური და სოციალური უფლებების უზრუნველყოფისა და მათი რეინტეგრაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოდგენილი რეზოლუციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის გზას გამონახავს.

„ჩემმა ქვეყანამ-საქართველომ წლების წინ გაიარა ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის იმპლემენტაციას უკავშირდება, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომისგან დაზარალებული ადამიანებისთვის. ჯგუფის სახელით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მინსკის შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების საგზაო რუკაა. ჯგუფს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლებამ გადახედოს კანონმდებლობას, რათა ის მინსკის შეთანხმებაზე იყოს დაფუძნებული და სრულად უზრუნველყოს დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სოციალური დაცვა და ჰუმანიტარული საჭიროებები. იმედს გამოვთქვამ, რომ ასამბლეა გამონახავს გზას ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის“,- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მსგავსად, შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც. „100 კილომეტრიანი მავთულხლართი ყოფს ქვეყანას და ოჯახებს ერთმანეთისგან. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ყოველდღიურად არიან რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკანონო დაკავებას საფრთხის ქვეშ“,- აღნიშნა დეპუტატმა. მისივე შეფასებით, რუსული საოკუპაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ხელწერაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა და ამ შემთხვევაშიც, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმანეთის მსგავსი ვითარებაა.

„უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში, ყირიმელი თათრები იძულებულნი არიან, დატოვონ საკუთარი სამშობლო, მსგავსად გალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა, რომლებიც იძულებულები არიან, შეიცვალონ ქართული გვარ-სახელები და უარყონ საკუთარი ეთნიკური იდენტობა. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ თუნდაც საბაზისო ადგილობრივი სოციალური სერვისებით სარგებლობას. ეს არის კიდევ ერთი არაპირდაპირი ზეწოლა ადამიანებზე, რათა მათ იძულებით დატოვონ საკუთარი სახლები“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის თქმით, რუსეთი ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისევე, როგორ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საერთაშორისო წარმომადგენლობა არ არის დაშვებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რუსული საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთ მახასიათებლადა დეპუტატმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტივობების ყველა სფეროს კონტროლი და არასტაბილური ვითარების შესაქმნელად ეთნიკური კონფლიქტების გამოყენება დაასახელა.

„ეს არის რუსული ოკუპაციის დრამატული სახე, რაც კვლავ გრძელდება. ეს პროცესი არ არის არც საქართველოს და არც უკრაინის ინტერესებში, ეს არ არის არც მთელი რეგიონის და ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში.

თვალნათელია, რომ ეთნიკური კონფლიქტების გამოყენება რეგიონში არასტაბილური ვითარების შესაქმნელად არის რუსული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი. რუსეთის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები, განსხვავებული მიზეზებით, მაგრამ ერთი დირიჟორით. გადაუჭრელი კონფლიქტები მნიშვნელოვნად აზიანებენ დემოკრატიულ განვითარებას.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და კოფლიქტის შედეგად დაყოფილი ადამიანების გაერთიანებას. ჩვენ ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და შევთავაზოთ მეტი სერვისი, რომლებიც საქართველოს სხვა ნაწილებშია ხელმისაწვდომი, რათა, მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ვიღებთ.

მინდა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პოზიციის მნიშვნელობას ამ პროცესში და განსაკუთრებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას. ყველა წევრმა სახელმწიფომ ხმა უნდა აიმაღლოს მიმდინარე ოკუპაციებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.​

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2018 23:27