ნინო დოლიძე – არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაკვირვება და გამჭვირვალობაა, „რუსული კანონი“ კი ამ მიმართულებით დამაზიანებელია

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაკვირვება და გამჭვირვალობაა, „რუსული კანონი“ კი ამ მიმართულებით დამაზიანებელია და ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრამდე, რომელიც სწორედ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

მისივე თქმით, კვლავ პრობლემურად რჩება წინა არჩევნების დროს არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე ეს გამოწვევები არ იყოს.

„როდესაც საუბარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ეს არ გულისხმობს არჩევნების დღეს. ეს გულისხმობს იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იყოს გამოყენებული, არ უნდა მოხდეს ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა, უნდა იყოს თანაბარი პირობები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის არჩევნებზე დაკვირვება და გამჭვირვალობა, ამიტომაა ეს რუსული კანონი დამაზიანებელი, რომ ის ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას. ჩვენ უკვე ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს. გვექნება არაერთი ანგარიში, განცხადება და შეფასება. ახლა წინასაარჩევნო პერიოდი უფრო აქტიურ ფაზაში შევა. პრობლემურად რჩება წინა არჩევნების დროს არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე არ იყოს ეს გამოწვევები. თუმცა, დაველოდოთ”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძემ ისაუბრა “რუსული კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე და განაცხადა, რომ “სარჩელი დასაბუთებულია და აქვთ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, რომ ქართველ ხალხს ემსახურებიან”.

“ჩვენ ამ ნაბიჯით ვიყენებთ ქვეყნის შიგნით არსებულ მექანიზმებს, რომ რუსული კანონი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ვაძლევთ შესაძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს, დაამტკიცოს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტურია და ახლა ამის შესაძლებლობა აქვს”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ცინიზმის პიკია, როცა სალომე ზურაბიშვილი, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოელი მფარველების კარნახით მზადდება საარჩევნო აფერა