ბრალდების მხარე ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
“საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს” – ნათქვამია განცხადებაში.
ნინო დათაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატების და ოჯახის წევრების ცნობით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში დამძიმდა.
“ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ, ადამიანის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში.
მოვუწოდებ ყველა უწყებას, მათ შორის, პროკურატურას, თავად იმოქმედოს, თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს.
ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება და დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს.” – წერს რეჟიმის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატი ელისო რუხაძე სოციალურ ქსელში.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ცნობით, დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინო დათაშვილს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.
“N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური.
2025 წლის 25 აგვისტოს, კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული კვლევის შემდეგ, სადაც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის. ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცნო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომერეობა უფრო გაუარესდა.
2025 წლის 24 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაყვანილი იქნა კლინიკაში “ვივამედი”, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირიურგიული ოპერაციას.
დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა, ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ.” – წერდა PHR 28 ოქტომბრის განცხადებაში.


















