ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს. გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ტერიტორიაზე მშენებლობების აკრძალვაზე, თუმცა ამ რეკომენდაციებს იგნორირებას უკეთებენ: „ამბობენ იმას, რომ განვითარება გვჭირდება და რატომ კრძალავთო. ეს გეგმა ნამდვილად უნდა გაუქმდეს. გეგმაში ერთი წინადადებით წერია, რომ ეს მდინარე არის ღვარცოფული და ზონები არის შესასწავლი“.
ჩხობაძემ ხაზი გაუსვა, რომ მდინარეების ხეობებსა და კალაპოტებში მშენებლობები დაუშვებელია და პრობლემა მხოლოდ შოვს არ ეხება: „ვიცით, რომ 47 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს საფრთხე… ხომ არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ რაღაცები. იგივე იყო ვერეს ხეობაში — კალაპოტში არ შეიძლებოდა გზის მშენებლობა. მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ, ვერ გავიგეთ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე რისკები იზრდება, რის გამოც აუცილებელია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება გეგმის მომზადების პარალელურად განხორციელდეს.















