გარემოს დამცველის, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით მეწყერსაშიშ ზონაში 110 თემია მოქცეული და როდესაც ძალიან დიდი რისკია მოსახლეობა გადის რისკის ზონიდან და ეძებს ახალ ტერიტორიას, სადაც შეიძლება დასახლდეს, მაგრამ “სახელმწიფოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული”.
ამის შესახებ ნინო ჩხობაძე გამოცემა BPN-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. გარემოს დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ზოგიერთი საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს.
,,რისკის ზონაში 110 თემია, 47 მუნიციპალიტეტში გამოყოფილია ყველაზე მოწყვლადი თემები და რამდენადაც ვიცი, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა და აპირებს მოსახლეობის ინფორმირებას. მოსახლეობის გასახლება დიდი ხანია დაწყებულია. სხვა გამოსავალი არ არის. როცა ძალიან დიდია რისკი, ოჯახებს აფრთხილებენ, მოსახლეობა გადის რისკის ზონიდან და ეძებს ტერიტორიას, სად შეიძლება დასახლება, მაგრამ სახელმწიფოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული – მაგალითად, მოსახლეობისთვის, რომელიც ხარაგაულიდან გაასახლეს, ფართობები უნდა გამოეყოთ სახლების ასაშენებლად, მაგრამ დღემდე სადღაც არიან შეყუჟული. ეს დიდი პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია ზოგიერთი საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან პრემიერის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი,” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ “მყინვარების დნობის ფაქტორი მაღალია, წვიმები კი ინტენსიურია”. ამასთან, “ერთ ჯერზე იმხელა ნალექი მოდის, რამდენიც მთელი კვარტალის განმავლობაში უნდა მოვიდეს”. შესაბამისად “ეს ყველაფერი მოქმედებს და სტიქიური პროცესები თანდათან უფრო გახშირდება”.
ინტერვიუში ნინო ჩხობაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს სთხოვს რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს საფრთხის ზონების რუკები, რათა მუნიციპალიტეტებს მიეცეთ საშუალება, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს ამ რუკებს შეხედონ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვთხოვ, რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს საფრთხის ზონების რუკები (ვიცი, რომ ისინი უკვე არსებობს), რათა მუნიციპალიტეტებს მიეცეთ საშუალება, როცა სამშენებლო ნებართვებს გასცემენ, დახედონ ამ რუკებს და დაადგინონ სახიფათო ადგილები. ეს მშენებელმა კომპანიამ უნდა იცოდეს. არადა, ვერეს ხეობაში, რომელიც საფრთხის ზონაა, ბევრი შენობა აშენდა; პრობლემატურია ვაშლიჯვრის დასახლებაც, მიუხედავად იმისა, რომ გამაგრებები გაკეთდა, ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ასეთი ადგილები თბილისშიც ბევრია, სადაც აქამდე 10-ზე მეტი ცნობილი დიდი მეწყერი იყო და ახლა გაცილებით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მშენებლობები ძალიან ინტენსიურია, გეოლოგიური კვლევები სათანადოდ არ ჩატარებულა,” – აღნიშნა მან.

















