30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ნინო ჩხობაძე: კონდიციონერების ერთდროულად ჩართვისას, ენერგოსისტემამ შესაძლოა დატვირთვასა და სიცხეს ვერ გაუძლოს

"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ," - ნინო ჩხობაძე

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ექსტრემალური სიცხეების დროს, ელექტროგადამცემმა ხაზებმა შესაძლოა დატვირთვას ვერ გაუძლოს, რაც შენობების არასწორი თერმოიზოლაციითა და კონდიციონერების მასობრივი გამოყენებით იქნება განპირობებული.

ჩხობაძემ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების პრობლემასა და ძველი კონსტრუქციის შენობებზე, რომლებიც მსგავსი ტემპერატურებისთვის მზად არ არის. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ევროპის მსგავსად, საქართველოშიც დადნეს ასფალტი და გარე გაყვანილობები:

„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს და დატვირთვას… ჩვენც არ ვართ გათვლილი იმ ზონაზე, რომ ექსტრემალურად დიდხნიან მაღალ ტემპერატურას გაუძლოს ინფრასტრუქტურამ“.

გარემოსდამცველი მოქალაქეებს ურჩევს, გარე წყალგაყვანილობა შეფუთონ, სახლებში დაჩრდილვა გააკეთონ და კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რესურსი დაზოგონ. ამასთან, ჩხობაძის აზრით, აუცილებელია 112-ის ბაზაზე ან სპეციალურ საიტებზე შეიქმნას გაფრთხილების ზონები, რათა მოსახლეობამ ანომალიური სიცხეების დროს მოქმედების წესები იცოდეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: პროკურორის მიერ მოწმის ჩვენების ინტერპრეტაცია, თითქოს ლილუაშვილი უკანონო ქოლცენტრებზე ინფორმაციას მალავდა, სიცრუეა
შემდეგი სტატია“მაგ ხალხთან ერთ სივრცეში არ ვჩერდები“ — ზურაბ ჯაფარიძე