ნინო ჩიქოვანი მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურა 2016 წლის ნოემბერში-ეტაპობრივად მიმდინარეობდა. მასში 125 ქვეყნიდან 1200-მა წევრმა პალატამ მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგად მთელი მსოფლიოდან გენერალური საბჭოს 20 წევრი შეარჩიეს, რომლებიც WCF-ს 2 წლის განმავლობაში – 2019 წლამდე უხელმძღვანელებენ. ხმის მიცემის პროცედურის მონაწილეებმა საბჭოს წევრები 48 წარდგენილი კანდიდატიდან შეარჩიეს.

ნინო ჩიქოვანის როლი და უფლებამოსილება გენერალურ საბჭოში უახლოეს მომავალში განისაზღვრება. გენერალური საბჭოს პირველი შეხვედრა 2017 წლის 1 მარტს – პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნოემბრის დასაწყისში მადრიდში (ICC) მსოფლიო პალატების ფედერაციის მოქმედი გენერალური საბჭოს შეხვედრაზეც იმყოფებოდა. მან ღონისძიებაში მონაწილეობა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის მოწვევით მიიღო.

მსოფლიო პალატების ფედერაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის(ICC) შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან 1200 პალატაა ჩართული. ფედერაციის საქმიანობის მთავარ მიზანს პალატების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება აქტიურად მუშაობს წარმოშობის სერთიფიკატების მიმართულებით. შემუშავებული და დადგენილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით მათი გაცემის პროცედურები. გაერთიანება აქტიურად მუშაობს ე.წ. „ატა კარნეტის“ სისტემით, რაც სხვა და სხვა ქვეყნებში საქონლის გარკვეული სახეობების წარმოშობის საერთაშორისო სერთიფიკატის მეშვეობით დროებით შეტანას გულისხმობს. ფედერაცია წარმოადგენს პლატფორმას პალატებს შორის აქტიური კომუნიკაციისთვის, რაც პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას უზრუნველჰყოფს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ონლაინ-პლატფორმა – „საერთაშორისო პალატების ქსელი“, რომელიც ემსახურება ბიზნეს-პოტენციალის პოპულარიზაციას და ასევე მოიცავს აკრედიტაციის სისტემის ონლაინ-რეჟიმში მართვას. ფედერაციის საქმიანობა განსაკუთრებით არის ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს პატრიოტებმა“ ნდობის ჯფუფში მათ კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა
შემდეგი სტატია“კაბელების საქმეზე” მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ბრალეულობის საკითხი დადასტურდეს – გოგაძე