ნინო ბურჯანაძე:ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ტრიუკი ჩაატარა

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

არჩევნები ერთი კვირით ადრე იქნება, თუ გვიან, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თარიღი მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბუჯანაძემ განაცხადა.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნების თარიღის ნაადრევად გამოცხადება ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის, რაც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ხელისუფლების თავმოუბმელობის ბრალია.

„გვითხრეს, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ კამპანიის დაწყება 8 აგვისტოს გამოცხადდება. კანონმდებლობით კი, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე უნდა დაიწყოს. კამპანიის ახლავე დაწყება ოპოზიციისთვის იდეალური იქნებოდა, რადგან ის შეღავათებით ისარგებლებდა. თუმცა, ხელისუფლების ინტერესიც კარგად მესმის, რადგან მათ ბიუჯეტის პრობლემა არ აწუხებთ, ოპოზიციური პარტიების ზედმეტად გაძლიერება კი, არ უნდათ. თარიღის 8 აგვისტოს გადატანაც ამან განაპირობა“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მის მოსაზრებას კოალიციასთან დაკავშირებით, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, „საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართულ ოცნებაში” რესპუბლიკელების ხილვა არ უნდოდა და კოალიციის დაშლით, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ტრიუკი ჩაატარა, როცა სხვა პარტიების, განსაკუთრებით კი, რესპუბლიკელების მოშორებით, საზოგადოების თვალში სერიოზული ქულები ჩაიწერა“.

საზოგადოებამ ანალიზი უნდა გააკეთოს და თუ ვინმეს “რესპუბლიკური პარტია” არ მოსწონდა, მათი არყოფნის გამო, “ქართულ ოცნება” უფრო მეტად არ უნდა მოეწონოს. 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას რომ რესპუბლიკელები მართავდნენ, ამაზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი. ჩვენ გვაქვს ნათლად ჩამოყალიბებული პროგრამა, რომელიც არარეალურ დაპირებებს არ ეფუძნება. ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მოსახლეობას ყველა სოფლისთვის 5 მილიონის მიცემას, ყველას გადასახდელის გადახდას და აყვავებას არ ვპირდებით, მაგრამ ვპირდებით ეკონომიკის გაუმჯობესებას და ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ისე, რომ ბიუჯეტის სიკეთით უკიდურესად გაჭირვებულმა ადამიანებმა ისარგებლონ და არა ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა“,-აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

რაც შეეხება საარჩევნოდ სხვა პარიტებთან თანამშრომლობას, ნინო ბურჯანაძის თქმით, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ცუდი არაფერია.

„არ ვიცი, ეს როგორ დამთავრდება, მაგრამ კოორდინირებულ მოქმედებებზე საუბრების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხელი პრინციპულად არ შეუშალონ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა პრინციპულად მიუღებელია. ყველა დანარჩენ ძალასთან კი, ჯანსაღი თანამშრომლობა უნდა შედგეს. მომავალ პარლამენტში, განსხვავებული ხედვების მიუხედავად, პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე: მიხარია, რომ ისეთ პრეზიდენტთან ვიმუშავე, რომელსაც არც კომპანია ჰქონია და არც ოფშორი