ნინო ბურჯანაძე: ვერც ნატო-ში გაწევრიანების გარანტია მივიღეთ, ვერც – MAP-ი

პრაქტიკულად 100%-ით ახდა ის პროგნოზი, რომელსაც მე ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით ვაკეთებდი, ისევე როგორც ადრე ახდა ჩემი პროგნოზი ვიზალიბერალიზაციასთან და ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით, – ასეთი კომენტარი გააკეთა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ნატო-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეზე.
მისი თქმით, სრულიად ნათელია, რომ იმ პოლიტიკამ რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2008 წლიდან ახორციელებს, აბსოლუტური კრახი განიცადა.
“ჩვენ ვერც ნატო-ში გაწევრიანებაზე მივიღეთ გარანტია, ვერც MAP-ი და განსხვავებით ჩვენი უპასუხისმგებლო ხელისუფლების განცხადებებისა, რომლებიც გვპირდებოდნენ რომ MAP-ის გარეშეც გავწევრიანდებით ნატო-ში, დღეს ნატო-ს წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ MAP-ი არის გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კომუნიკეს ტექსტი ისეთი ჩახლართულია, რომ რთულია ადეკვატური დასკვნების გამოტანა, რადგან ეს არის ცარიელი სიტყვები და სხვა არაფერი.
“ეს ხდება იმ ფონზე, როცა დღეს სტოლტენბერგმა, გუშინდელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის განცხადების შემდეგ, ნატო-ს სახელითაც დაადასტურა, რომ რუსეთი-ნატო-ს საბჭოს მუშაობა აღდგება და ალიანსი ამისათვის მზად არის. თუ ამ ყველაფრისგან კიდევ ვერ გამოგვაქვს დასკვნები, მაშინ რაც დაგვემართება საკუთარ თავს დავაბრალოთ. ხელისუფლებას რომ არ უნდა დასკვნების გამოტანა, ეს ფაქტია, მათთვის მთავარია საკუთარი კარიერის გახანგრძლივება და არა ქვეყანაზე ზრუნვა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4001 ლარია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა