ნინო ბურჯანაძე: ველოდები “პატრიოტთა ალიანსის” განმარტებებს, ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად

“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი “პატრიოტთა ალიანსს” წარმატებას უსურვებს.

ამასთან, ნინო ბურჯანაძეს დავით თარხან-მოურავის სიტყვებიც ახსოვს: “ოცდაათი კაცი შემყავს პარლამენტში და, აბა გაბედონ გაყალბებაო”. სწორედ ამიტომ, ნინო ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსისგან” ელოდება განმარტებებს და განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ თვლიან ისინი – სამართლიანად ჩატარდა არჩევნები თუ გაყალბდა?

“თუ სამართლიანად მიაჩნიათ, მაშინ მათ, მოუწევთ იმის აღიარება, რომ ოცი და ოცდაათი პროცენტი კი არ ჰქონდათ მხარდაჭერა, არამედ სულ ხუთი პროცენტი და თუ არასამართლიანად ჩატარდა, მაშინ ალბათ იტყვის “პატრიოტთა ალიანსი” ამის თაობაზე და იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც – ბ-ნ შალვა ნათელაშვილთან, “მრეწველებთან”, “ფორუმთან” და ყველას აზრი ვიცი.

აბსოლუტურად ყველა თვლის, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული და კომისიის წევრებიდან კი არ მოდის ეს უბედურება, არამედ ხელისუფლების უმაღლესი შტოდან – ადამიანების მოტყუება, ქვეყნის გარყვნა და დაქცევა” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ თავს გაუთხარა პოლიტიკური სამარე და ყველა ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობით მოდის, კატასტროფით ამთავრებს.

“ბიძინა ივანიშვილს იმის იმედი აქვს, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ ქვეყანას ემუქრება თურქმენიზაცია – პარლამენტი, მთავრობა, ტელევიზიები, სასამართლო ( მათ შორის საკონსტიტუციო), ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელშია და მთავარი, რატომაც არ უნდოდა ივანიშვილს ბურჯანაძე პარლამენტში, ეს არის ცვლილება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და განმარტა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ხელს მოაწერს პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას, ეს ადამიანები ხელს მოაწერენ ქვეყნის თურქმენიზაციას, ქვეყნის დაქცევას და ძალიან სისხლიან რევოლუციას, რომელიც აუცილებლად მოხდება ამ ქვეყანაში (რამდენი წლის მერე, მნიშვნელობა არ აქვს) იმიტომ, რომ თურქმენიზაციას და მის იმპროვიზირებულ ვარიანტს (რამდენი ფულიც არ უნდა დაიხარჯოს), ადრე თუ გვიან, არ მოითმენენ ქართველები და ღმერთმა ქნას, რომ ეს არ ახდეს მაგრამ, ეს ასე იქნება. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი მადლობა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს გაცოცხლებისთვის, ფეხზე დაყენებისთვის, დაფიქრებისთვის და პერსპექტივის გაჩენისთვის” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: მიხეილ სააკაშვილს პარტიიდან საერთოდ გარიცხავენ
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს