ნინო ბურჯანაძე – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბატონმა რუდენკომ და ბატონმა კასაჩოვმა

როცა ვაჟა გაფრინდაშვილს არ უშვებდნენ, მაშინ ვამბობდით, რუსეთის ბრალიაო; როცა გამოუშვეს, ვამბობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მისი თქმით, უნდა ვიყოთ თანმიმდერულები.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. როგორც ველოდით, ის თავის ოჯახთან ერთად შეხვდება ახალი წლის დღესასწაულს. ვულოცავ მის ოჯახს და ყველა გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ვაჟა ექიმს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამაში ბატონმა რუდენკომ და ბატონმა კასაჩოვმა. მე, პირადად, მათ მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, ძალიან მონდომებული იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო ვაჟა გაფრინდაშვილი. როცა არ უშვებდნენ, მაშინ ვამბობდით, რუსეთის ბრალიაო; როცა გამოუშვეს, ვამბობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა.

მე ვფიქრობ, რომ თანმიმდევრული უნდა ვიყოთ, მინიმალურად მაინც. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო განხორციელებული რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო გათავისუფლება. კონკრეტულ ადამიანებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ძალისხმევა დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, ზოგი პროტესტით, ზოგი თანაგრძნობით, ზოგი განცხადებით, ამან ყველაფერმა თავისი წვლილი შეიტანა და მე ყველა ამ ადამიანს ვუხდი მადლობას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო – ვუერთდებით ყოველი ქართველის სიხარულს