ნინო ბურჯანაძე – თუ ხმები არ მოგიპარავთ, დაასწარით ეს ხალხი სხდომებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 5, 2020 00:04

ნინო ბურჯანაძე – თუ ხმები არ მოგიპარავთ, დაასწარით ეს ხალხი სხდომებს

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებული სამი პირიდან ორი პირტია „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელია, რომლებიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გადაიყვანეს.

პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ცესკო-ში „ერთიანი საქართველოს“ კანონიერი წარმომადგენლები ცდილობდნენ საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრებას, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა.

ბურჯანაძის თქმით, დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის წევრი ოთარ თავართქილაძე და ცესკო-ში პაარტიის წარმომადგენელი გოგი ომანაძე.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას არჩევნები არ გაუყალბებია, გაუგებარია, რატომ არ აძლევენ პარტიის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლებას.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენი წარმომადგენელი ირაკლი ჭყოიძე ძალის გამოყენებით გამოაგდეს საბურთალოს ოლქიდან. უნდოდათ, დაეკავებონათ ბექა და ნიკა პეტრიაშვილები, უბრალოდ ბესო დანელიამ შეძლო, რომ ისინი გამოერიდებინა, თუმცა თვითონ ლამის ფეხის მოტეხეს. ასევე, საოლქოდან გამოაძევეს გოგი ომანაძე, რომელიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ირაკლის და გოგის კანონით აქვთ უფლება, დაესწრონ იმ პროცედურას, რომელიც ახლა მიმდინარეობს საოლქოებში. გეკითხებით, თუ არ მოგიპარავთ, თუ არაფერი დაგიშავებიათ, დაასწარით ეს ხალხი, ააფარეთ მერე ცხვირზე ეს ოქმები და უთხარით, რომ აი, ბატონო, არაფერი არ არის გაყალბებული, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ გეშინიათ, გააყალბეთ. იმის თავიც არ გაქვთ, ისე გააყალბოთ, რომ თვალსა და ხელს შუა ეს არ ჩანდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პოლიცია დაკავებულებს ვერაფერს ედავება.

„დაკავებულებს ვერაფერს ედავებიან, უბრალოდ ადამიანები იდგნენ იქ და ითხოვდნენ, რომ კომისიაში შეეშვათ უფლებამოსილი პირები. ოთარ თავართქილაძე გამოაგდეს და დააკავეს ძალის გამოყენებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საბურთალოს მესამე საოლქო კომისიათან აქციაზე დაკავებულია სამი პირი. საქმე ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა.

შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 5, 2020 00:04