ნინო ბურჯანაძე: საქართველი არ შეიძლება დარჩეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს, ანუ საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არცერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი, არც ნატო-სი და არც რუსეთის.

„როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია ვგულისსხმობ ერთიან საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერებს ამ ინიციატივის რეალიზებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი შემოხაზავს 3 ნომერს და მოგვცემს მანდატს ამ ინიციატივის განხორციელებისათვის. ინიციატივა განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და უპირველესად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. საქართველი არ შეიძლება დარჩეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად. არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე ქვეყნის ინტერესებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, დროა საქართველოში მოვიდეს ძალა, რომელიც უპირველესად დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

„იმედი მაქვს ამ ხელმოწერების მოგროვებაში ჩაერთვება ძალიან ბევრი ადამიანი. მოვივლით მთელ საქართველოს, ავუხსნით ადამიანებს. ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებით ვევრი ტალახი იქნება ჩვენს მიმართ ნასროლი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც ცილისწამების და არც ტალახის იმიტომ, რომ ვიცით, ვმოქმედებთ იმ ინტერესებიდან რასაც საქართველოს უმთავრესი ინტერესი ჰქვია,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” საარჩევნო კამპანია დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს საკითხი
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოდ ლეგიტიმურს