ნინო ბურჯანაძე: სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს

დედამიწაზე არ ვიცი სხვა სახელმწიფო,სადაც პოლიტიკოსები სერიოზულად ილაპარაკებენ, რომ სახელმწიფოს, რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო, არის შენი მეზობელი და, რომლის ჯარებიც განლაგებულია შენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ, უნდა ესაუბრო, თუ არ უნდა ესაუბრო; , ამაზე სერიოზულ ხალხში კითხვა არ ისმება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თემაზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ძალიან მძიმე დღეა საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდში, რადგან საქართვრლოსათვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღწეული. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან აცილება. აგვისტოს ომამდე პრაქტიკულად ერთი თვით ადრე საქართველოში იყო ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი კარასინი, რომელიც შეხვდა მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან პრაქტიკულად პირდაპირი გზავნილი ჩამოიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო გააქტიურებდა საომარ მოქმედებებს იქ, სადაც რუსული სამშვიდობოები იყვნენ განლაგებულნი, ამას მოყვებოდა შეუქცევადი შედეგი, რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. სამწუხაროდ მოხდა ის, რაზეც მე კარასინი მესაუბრა – მან თქვა,რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აქვს ადეკვატური აღქმა შესაძლო ტრაგიკული განვითარებისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოხდა ის, რაც მოხდა 2008-ში“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე აზრით, სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს.

„ჩვენ რომ გვესაუბრა, ფართომასშტაბიანი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, ჯერ ერთი, დარწმუბული ვარ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, მათ შორის არ იქნებოდა არც აღიარება. გარდა ამისა, ბოლო წლები რომ გამოყენებულიყო ეფექტურად, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯს მაინც წინ გადავდგამდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კუთხით. მინდა, კითხვა დავუსვა ხელისფლებას, ოთხი წელი გადის, რა გააკეთა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ ტუვალუმ უკან წაიღო აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც წინ გადაედგა ამ პრობლემების მოგვარებაში“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მსხვერპლის რაოდენობა 267-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასირიის დამოუკიდებელი არმია ჯერაბლუსში შევიდა