ნინო ბურჯანაძე – სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას

დღეს გადარჩენაა, არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა რომელიმე პარტიის მხრიდან, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი, – ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა. მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს და ერთპიროვნულად მოვა თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში, ასეთი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც პოლარიზებას ახდენს და კვლავ ამომრჩეველს ახსენებს იმ რეალობას, რომ შეიძლება დადგეს არჩევანის წინაშე – ბიძინა თუ მიშა.

მისივე თქმით, საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„ჩემმა პარტიამ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ იმისთვის იბრძოლა, რომ ერთად მოგვეპოვებინა კონსტიტუციური ცვლილებები, მიგვეცა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის შანსი, რომ გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა ვინმესი, – ბიძინასი, მიშასი. დღეს გადარჩენაა, არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა რომელიმე პარტიის მხრიდან, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტებულ პარლამენტს შესთავაზებდა საზოგადოებას. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი ამოცანა ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ გაშვება და რამენაირად ხელშეწყობა მიშა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“. ჩემი ამოცანაა რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ მოვიდეს არა რომელიმე ერთი პარტია, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა