ნინო ბურჯანაძე – რიგ საკითხებში ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა არსებობდეს წყალგამყოფი პარტიების საგარეო ვექტორების სახით

რიგ საკითხებში ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა არსებობდეს წყალგამყოფი პარტიების საგარეო ვექტორების სახით, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციის ეს შეხვედრა. ხელისუფლებამ თავისი უგუნურებით მოახერხა ის, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის სრული სპექტრი გახლავთ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ არის საკითხები, სადაც ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა იყოს წყალგამყოფი პარტიების საგარეო ორიენტირები იმიტომ, რომ ამით სარგებლობს ხელისუფლება და ყოველთვის შემოაქვს განხეთქილება ოპოზიციაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ კონსტიტუცია, რასაც იღებს დღევანდელი ხელისუფლება ერთხმად გამოცხადდეს არალეგიტიმურად. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ ფორმატით გაგრძელდეს კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება, რათა მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების დაცვა გაყალბებისგან.

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხელისუფლება გააკეთებს იგივეს, რაც გააკეთა საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც მინიმუმ ოპოზიციური სპექტრის 80 % გააკეთებს განცხადებას არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამს“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააქცია ლტოლვილთა სამინისტროსთან – ელენე ხოშტარია პრობლემებს მინისტრის მოადგილეს აცნობს