ნინო ბურჯანაძე: ქვეყნის გამთლიანების გარეშე ვერასოდეს ვიქნებით წელში გამართული და ეკონომიკურად წარმატებული

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პარტიის მთავარი საბჭოს წევრებთან ერთად, მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

ნინო ბურჯანაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და ომში გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, მადლობა გადავუხადო მათ გმირების აღზრდისათვის და შევპირდე, რომ არასოდეს აღარ განმეორდება საქართველოში მსგავსი რამ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიღვაროს სისხლი, მშვიდობა და სტაბილურობა დასადგურდეს ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

ომმა უმძიმესი შედეგები დატოვა და ეს პირველივე თვეებიდან ჩანდა. ქვეყანამ ძალიან მძიმე შედეგები მიიღო და ამ მდგომარეობის გამოსწორებას დასჭირდება სწორი და გონივრული პოლიტიკის გატარება და დასჭირდება სამწუხაროდ დრო, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს! საქართველოს გამთლიანების გარეშე, ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნება წელში გამართული, ვერ იქნება ძლიერი, ვერ იქნება ეკონომიკურად წარმატებული და რაც მთავარია, ვერ იქნება სულიერად მთლიანი.

ომის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს იყო რეალურად დანაშაული. ომის დროსაც ძალიან ბევრი რამ არის გამოსაძიებელი და თუ ჩვენ გვინდა, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები შერიგებისაკენ, ურთიერთ ნდობის აღდგენისაკენ. სწორედ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ არასოდეს არც ერთ ხელისუფალს აღარ მოუნდება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება” , – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ბარიკადებსა და მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ