ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ვითარებაა

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანოები ვერ მუშაობენ.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “TV პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც ნორმალურად იმუშავებენ.

“ამაზრზენი ფაქტია. ამ შემთხვევაში, მე არ გავაკეთებდი აქცენტს იმაზე, თუმცა ესეც გარკვეულ რეზონანს უმატებს ამ საქმეს, რომ თავდასხმა პარტიის გენერალურ მდივანზე მოხდა. საინტერესოა როგორ გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები ქუჩაში ისე, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდათ? ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს, ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცველი სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ ნორმალურად, არ არსებობს გამოძიება. როდესაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე, ქალაქის ცენტრში, დღისით მომხდარ ფაქტზე ოთხი დღის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოები ქვეყანაში ვერ და არ მუშაობს. ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ვითარებაა და ეს ფაქტია. ვხედავათ იმას, რაც წლების განმავლობაში არ ყოფილა – თავდასხმა ქალაქში, ცენტრში ავტომატებით, რაც 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოში საბედნიეროდ, აღარ ხდებოდა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით გახშირებული თავდასხმის ფაქტები, ძალიან საგანგაშო სიმპტომია.

“გამოძიება უსწრაფესად უნდა ჩატარდეს, მით უფრო, როდესაც ცნობილ პოლიტიკურ ფიგურაზეა საუბარი. მე გამორიცხული მგონია პოლიტიკური მოტივი ამ საქმეში და ამას ბევრი რამ ადატურებს. ძალიან ბევრი რამ შეიძლება დააბრალო ამ ხელისუფლებას ნეგატიური, მაგრამ ის რომ პოლიტიკურ თავდასხმა მოაწყოს რომელიმე პარტიის გენერალურ მდივანზე, არასწორი ბრალდება იქნება. პოლიტიკური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოტივი იქნებოდა პოლიტიკური და პეტრიაშვილს თავს დაესხმებოდნენ როგორც პოლიტიკოსს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები შს მინისტრს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაივანიშვილი და ბეჟუაშვილი ტყიბულელი მეშახტეების წინააღმდეგ შეთანმებულად მოქმედებენ