ნინო ბურჯანაძე – „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ, სამწუხაროდ, რურუას წარსული ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კლიმატის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა გამოირიცხოს.

„თავიდანვე, ვიდრე რვა მარტის შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, ვამბობდით, იმისთვის, რომ ქვეყანაში საარჩევნო კლიმატი იყოს ნორმალური, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა, მით უმეტეს იმ ადამიანებისა, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებულნი არიან მედიასთან ან პოლიტიკასთან. რვა მარტის შეთანხმებამ ეს ძალიან ნათლად ჩაწერა და ახლა, როდესაც რვა მარტის შეთანხმების შემდეგ, ამდენი მოწოდების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობიდან ისმოდა მუდმივად მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ გათავისუფლებულიყო დარჩენილი პატიმარი რურუა, ამდენი შეთანხმების შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება და ოთხ წლიანი პატიმრობა მიესჯება ადამიანს, რომელსაც ეს კონკრეტული დანაშაული, რომლისთვისაც ედავებიან, ნამდვილად არ აქვს ჩადენილი, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს უსამართლო განაჩენის მსხვერპლი. საერთოდ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე რა ჭორები დადის, თუ ადამიანს უსჯიან, მას უნდა მიუსაჯონ კონკრეტულად იმ დანაშაულისთვის, რომელიც მართლა აქვს ჩადენილი და კონკრეტულად მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა გვარს, არამედ საუბარია პრინციპზე, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ იყოს ციხეში, რომ ის ამჟამად პოლიტიკურად მიუღებელია.

„განცხადებაში შემთხვევით არ თქმულა, რომ აქ გვარს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებაზე , აქ არის ლაპარაკი პრინციპზე, რომ არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც დანაშაული, კონკრეტულად ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ ჩასვა ციხეში, რომ ის შენთვის ამ ეტაპზე პოლიტიკურად მიუღებელია.

ძალიან საინტერესოა ქალბატონი კელის განცხადებაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, მე მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ სჯერა ამ გადაწყვეტილების სამართლიანობის. თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საარჩევნო გარემო დაპირისპირების გარეშე წარიმართოს, მან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე უსამართლოდ ნებისმიერი ადამიანის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, პრეზიდენტმა შეწყალების უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენოს.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, რომ ამჯერად ქალბატონმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება, რადგან პრაქტიკულად ზუსტად ანალოგიური, სარკისებრია ის საქმე, რომელიც ახლა არის მის წინაშე, იმ საქმეებისა, რომელიც უგულავასა და ოქრუაშვილს ეხებოდა.

მას თავიდანვე ჰქონდა პოზიცია, რომ ის არ თვლის მათ პოლიტმატიმრებად. ეს მისი უფლება გახლავთ, მაგრამ ვითარების სტაბილიზაციისთვის და იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას პრეტენზიები არ ჰქონდეს, მან მიიღო, ჩემი აზრით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, იგივე მექანიზმი უნდა იქნას ახლა გამოყენებული, რომ დასრულდეს ამ თემაზე მუდმივი საუბარი და საარჩევნო კამპანია დაიწყოს ყოველგვარი სამართლებრივი პრეტენზიების გარეშე.

„ქართულ ოცნებას“ ამით უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, თითქოს და არის პრინციპული. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ, სამწუხაროდ, ბატონ რურუას წარსული სამართლიანად, თუ უსამართლოდ კითხვის ნიშნებს ნამდვილდ აჩენს საზოგადოებაში და არ არის პოპულარული რურუას დაცვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ აქვს მნიშვნელობა, მე და თქვენ გვაქვს თუ არა კითხვის ნიშნები რურუას წარსულთან დაკავშირებით, თუ ეს კითხვის ნიშნები ხელისუფლებას ჰქონდა, მაშინ იმ საქმეებზე დაეჭირა, გამოეძიებინა და ეთქვა, რომ ან დამნაშავეა ან უდანაშაულოა. მაგრამ როდესაც იჭერს იმაზე, რაც არ ჩაუდენია, ეს არის რურუა ბაგრატიონი, თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ხელისუფლება რურუას მექანიზმს დროის გასახანგძლივებლად იყენებს, რომ ოპოზიციას არც თუ პოპულარული განცხადებები გააკეთებინის და ამაზე ითამაშოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, რომელიც გააკეთებს ანალიზს, რა ხდება, სწორ დასკვნებს გამოიტანს და პლუს, რა თქმა უნდა, ამით „ქართულ ოცნებას“ უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, რომ პრინციპში, მას დიდად არ ენაღვლება, დასავლეთი რას იტყვის. ვითომ, ის დამოუკიდებელია და აქვს იმის რესურსი, რომ დასავლეთს შეეწინააღმდეგოს. ეს ძალიან დიდი ტყუილი და ილუზიაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ლაწირაკი ბავშვი” – ბრალდებულის მიმართვა პროკურორს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს