ნინო ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებასთან“ კომპრომისი დაუშვებელია“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის შედეგები, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე დაიდო. „თაიმერთან“ საუბარში ის აცხადებს, ოპოზიციას ერთპარტიული პარლამენტი რომ არ გაეპრავებინა, საქმე სხვაგვარად წავიდოდა.

ნინო ბურჯანაძე:

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის-მე ველოდი რომ არჩევნები ასეთი შედეგით დამთავრდებოდა, ჩემი მოლოდინი არ უკავშირდებოდა მოსახლეობის პოზიციას. უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი რას გააკეთებდა „ქართული ოცნება“.ამიტომ არ ვეთანხმებოდი მიშელის დოკუმენტს და 43%-იან დათქმას. თავიდანვე გაუგებარი იყო თუ რასთან იყო მიბმული ეს 43%. გასაგები იყო რასაც იზამდა „ქართული ოცნება“. გარდა ამისა მიმაჩნდა, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ უნდა გაგვემართლებინა, ჟარგონით რომ ვთქვათ არ უნდა მომხდარიყო მისი გაპრავება, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ გაათავხედებდა მმართველ პარტიას და ისინი კიდევ უფრო მეტს გაბედავდნენ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43%-ზე მეტი არ აუღია. ამაზე მეტყველებს ის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ოცნებას“ მეორე ტური აქვს. ამაზე მეტყველებს ის უზარმაზარი რესურსი რაც დახარჯა ხელისუფლებამ, გნებავთ დაშინება, გნებავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გნებავთ მოსყიდვა. ამ ყველაფრის მიუხედავად მათ 50% და 60% ვერ აიღეს, რასაც ელოდნენ.

ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რამდენიმე თვის წინ ოპოზიციამ და ძალიან სამწუხაროა ასე რომ მოხდა, მაგრამ რას ვიზამთ არის ის რეალობა, რაც არის. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულ ოცმეაბასთან“ არანაირი კომპრომისი და დათმობა არ შეიძლება. ამ არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ იმ უზარმაზარი ფულით, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს, ის ყოველთვის გააყალბებს არჩევნებს.

-ამ არჩევნების შემდეგ ერთგვარი ჩიხი შეიქმნა. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?

– ოპოზიციამ ახლა უნდა გააკეთოს ის, რაც ვერ გააკეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და ეს მიმაჩნია ოპოზიციის მეორე უდიდეს შეცდომად. დიდი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, როცა არ მოხდა გაერთიანება საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით. კარგია რომ ახლა უჭერენ მხარს ნიკა მელიას თბილისში, ფოთში გიგი უგულავას და ა.შ. პირველი ტურის წინ ასეთი გაერთიანება რომ ყოფილიყო, ახლა შეიძლება მეორე ტური არც დაგვჭირვებოდა.

პარტიების დიდმა ნაწილმა რატომღაც დაიჯერა, რომ არ არჩევნებზე ისინი თავიანთი მდგომარეობას გაუმჯობესებდნენ  ან არ იცოდნენ, ან ვერ გაითვალისწინეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა  და წინ დააყენეს პარტიული ინტერესები.

მე მომხრე ვიყავი ყველგან ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არც ჩემთვის იყო იოლად გადასალახი. ნათლად ვხედავდი იმას, რომ გამარჯვების ერთადერთი შანსი იყო ოპოზიციის ერთობა. ოპოზიციამ ახლა მაინც უნდა აქციოს ეს ერთობა რეალობად. ახლა უნდა მოხდეს ოპოზიციური ხმების მაქსიმალური კონცენტრაცია. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა.

– რატომ იქნება რთული, ხელისუფლება არ დაუშვებს რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს?

– იმიტომ რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ბოლო შანსი, რომ ძალიან მძიმედ შერყეული მდგომარეობა როგორმე გაიმყაროს. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნებში წაართვან ოპოზიციას გამარჯვება.

-ოპოზიციამ ამას მხოლოდ ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს?

– რას დაუპირისპირებს ამას ოპოზიცია მომავალი გვაჩვენებს. „ქართული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ ჩვენ არეულობა გვინდა, რაც ასე ნამდვილად არ არის.  ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ოპოზიცია მეორე ტურებზე წავიდა. ასეთი მძიმე შეფასებები არც ერთ არჩევნებზე არ გაუკეთებია დასავლეთს, მაგრამ ოპოზიციამ მაინც არჩევნებზე წასვლა არჩია. ბოლო შანსს იყენებს ოპოზიცია, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, არჩევნების გზით მოვიპოვოთ ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა გვაძლევს. ძალიან რთული იქნება გამარჯვება. მიზნის მისაღწევად ოპოზიციამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა განახორციელოს. უნდა იყოს რეალური ერთობა და არა სიტყვით დეკლარილებული.

-ბევრი თვლის რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ ამ არჩევნებზე იქონია გავლენა. თქვენ რას ფიქრობთ?

-სააკაშვილის ფაქტორმა ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა არჩევნებზე და მაქსიმალური მობილიზაცია მოხდინა ნაციონალური მოძრაობის მომხრეების თუ მოწინააღმდეგეების. ოპოზიციას მეტი მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ ვისთვისაც “ნაციონალები” და სააკაშვილი მიუღებელია აუხსნას, რომ მეორე ტური სულაც არ წყვეტს იმას ბრუნდება თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში. მეორე ტური წყვეტს იმას გვექნება თუ არა ჩვენ ვადამდელი არჩევნები.  ვადამდელ არჩევნებზე ყველას შეეძლება ის პარტია შემოხაზოს, რომელიც მას უნდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ არ შემოხაზავს ნაციონალებს, ისინი ერთპიროვნულად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით კარგად დაგვანახა, რომ ქვეყანა არის მორღვეული. სამი დღე საქართველოში იყო და „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, საქართველოში არ არისო.

-ამბობენ ასე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვაცხადებდითო.

-ეს არის ტყუილი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რამის თქმა თუ არ გინდა არსებობს კლასიკური ფორმულა მსოფლიოში, რაც გამოიხატება ერთ ფრაზაში – არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. ეს ფრაზა არ გამოუყენებია „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა იმას, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოულახავს. დღის ბოლოს ღარიბაშვილმა ტრიუმფალურად გვაცნობა, რომ თურმე ჩაატარეს ფანტასტიური ოპერაცია და დააკავეს სააკაშვილი. ვიღაცებმა შეიძლება ჩათვალეს, რომ სააკაშვილის დაკავება არის სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით სამართლიანობის არსს გადაუსვა ხაზი. პრემიერმა განაცხადა, სააკაშვილი თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, მას მუხლებს კიდევ დაუმატებენ. ამით ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ეს პროცესი დამოკიდებულია ივანიშვილის ნებაზე, რაც სამართლიანობას თავისთავად გამორიცხავს.  მე სამართლიანობის მომხრე ვარ და არა იმისი, რომ ივანიშვილმა თავის პირად მტრებს გაუსწოროს ანგარიში.

თაიმერი 

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში აქცია ჩანიშნა- აქცია 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გაიმართება
შემდეგი სტატიაბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს