ნინო ბურჯანაძე: “ქართულ ოცნებას” მონები სჭირდება

“გაუგებარი სამთავრობო ცვლილებები” და “აბსურდის თეატრი” – ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის კონცეფციას.

ოპოზიციის წევრებისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ხელისუფლება თანხის დაზოგვას.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დევნილთა სამინისტროს გაუქმება მისთვის მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში ათასობით დევნილია.

ნინო ბურჯანაძე დევნილთა სამინისტროს სხვა უწყებასთან შერწყმის მიზეზად მინისტრ სოზარ სუბარის თანამდებობიდან გათავისუფლების სურვილით ხსნის.

„როგორია დევნილების სამინისტროს გაუქმება ქვეყანაში, სადაც ასი ათასობით დევნილია და აუქმებ ამ სამინისტროს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მინისტრი, სოზარ სუბარი, უნდა გაუშვა სახლში. რას ნიშნავს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთად შერწყმა? მე, მაგალითად, მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი არ მეგულება. თუმცა, ეს ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არც განათლებული ადამიანი სჭირდება საქართველოში და არც კულტურული. ის, რომ მათ მონები სჭირდებათ, ეს სრულიად ნათელია,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე მთავრობის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამის მაგალითად ცენტრ პოინტის საქმე მოჰყავს.

მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხელმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია. ცენტრ პოინტის დამფუძნებლები კი დაკავებულები არიან.

„აბსურდულია საერთოდ ვითარება. ჯერ თავად პრემიერის კანდიდატი, რომელთან მიმართებაში აღმოჩნდა, რომ იმაზე გაცილებით მეტი კითხვები არსებობს, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ეს როგორ არის ახლა, ორმაგი სტანდარტი, რომ იგივე ცენტრ პოინტში მომუშავე ადამიანების ერთი ნაწილი უნდა ციხეში იყოს და მეორე პრემიერმინისტრად წარმოგვიდგეს? ეს ხომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა კეთილი ინებოს და თავად ბახტაძემაც და პასუხი გასცეს საზოგადოებას იმ კითხვებზე რომელიც გაჩნდა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრემიერის გადაწყვეტილებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

banner
წინა სტატიაში“დავანგრიოთ ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა” – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაზვიად ფხაკაძე ოთარ კახიძეს – მიყვირით, აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი