ნინო ბურჯანაძე: პროკურატურის არაკვალიფიციურობის გამო არ მჯერა გამოძიების ვერსიის

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, მთავარი პროკურატურის ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, არ ეთანხმება.

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, პარტიის სათაო ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არ მჯერა გამოძიების ვერსიის იმის გამო, რომ პროკურატურამ არაერთხელ აჩვენა, რომ არ არის კვალიფიციური. პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც და დაედო ადამიანების დანაშაულის ან უდანაშუალობის დამამტკიცებელი უტყუარი და მყარი საბუთები“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პროკურატურის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება საქმისა, რომლის გაmოძიებასაც საზოგადოება პირველივე განცხადების შემდეგ ითხოვდა.

ბურჯანაძის მტკიცებით, “პროკურატურის უკვე საყოველთაოდ ცნობილი არაპროფესიონალიზმი ნამდვილად იძლევა, ძალიან სერიოზული კითხვის დასმის შესაძლებლობას”.

“გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩემთვის არის ის, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილის. იმ ტიპის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თავს არ იკლავენ
300 ან 400 ათასი ამერიკული დოლარის ვალის გამო. მას ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ჰქონდა შესაძლებლობა თუნდაც გარკვეული სირთულეების გადალახვის შედეგად გადაეხადა ეს ვალი, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიცი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუ როგორი ძალიან სერიოზული გეგმები ჰქონდა კიწმარიშვილს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იყო მოლოდინებით და იმედებით სავსე, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო პროქტები, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა და პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა გაწერილი როგორ უნდა განეხორციელებინა საკუთარი გეგმები.

“ადამიანები, რომლებიც მოავალზე ასეთ იმედს ამყარებენ და რომლებსაც ასეთი ნათელი გეგმები აქვთ, მითუმეტეს იმ ტიპის და ხასიათის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თვითმკვლელობით სიცოცხლეს არ ამთავრეებენ. ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ ვერანაირ სხვა ვერსიაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალიზმის გამო, ეს გამოძიება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ტოვებს”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს დავით გერლიანის დაკავების ვიდეო კადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება