ნინო ბურჯანაძე პენსიების ზრდას სამარცხვინოს უწოდებს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, სწორედ “დემოკრატიული მოძრაობა” იყო.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ სამარცხვინოა ათით ან თუნდაც ოცი ლარით პენსიების გაზრდა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ასიათასობით და ათიათასობით პრემიები და დანამატები აქვთ. “დემოკრატიულმა მოძრაობამ” რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ნამდვილად არის დამატებითი თანხები, რათა პენსიები გაიზარდოს და ეს განცხადება გავაკეთეთ მიმდინარე წლის დასაწყისში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს არა მომავალი წლიდან, ანუ 2016 წლის იანვრიდან, არამედ დაუყოვნებლივ, ანუ გასული სექტემბრიდან, თუმცა ეს ხელისუფლებამ ყურად არ იღო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნულ განცხადებას აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა და არც მედია საშუალებებში მოჰყოლია მას ისეთი ყურადღება, როგორიც საჭირო იყო.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახლა პენსიონერებისათვის 20 ლარით პენსიის გაზრდაზე საუბარი მოსახლეობის დაცინვაა, მაშინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ისე კარგად მუშაობენ, რომ იმაზე მეტი ხელფასი და დანამატი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დღეს აქვთ ათიათასობით ლარის სახით, ასევე დაცინვაა პენსიების 20 ლარით მომატრება მაშინ, როდესაც განუზომლად გაიზარდა ხარჯები როგორც მედიკამენტებისთვის, ასევე პირველადი მოხმარების საგნებისათვის, კვების პროდუქტებისათვის, როცა ქვეყანაში დაფიქსირდა ინფლაცია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებითაც “დემოკრატიული მოძრაობა” რამდენიმე თვის წინ საუბრობდა და აცხადებდა, რომ ინფლანცია ქვეყანაში აუცილებლად დაფიქსირდებოდა და ამას დროული შველა სჭირდებოდა.

“დღეს ხელისუფლების წარმომადგენელებისაგან გვესმის, რომ 6%-იანი ინფლაცია პრობლეა არ არის. პრობლემაა ბატონებო, მოსახლეობისთვის პრობლემაა. იმ ადამიანებისთვის, ვინც თვეში ათიათასობით დაუმსახურებელ ხელფასს და დანამატს იღებს, რა თქმა უნდა. ეს პრობლემა არ არის, მაგრამ პენსიონერებისთვის, ვინც მინიმალურ პენსიას იღებს ეს დიდი პრობლემა გახლავთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა „ძველი თბილისი“ გასაყიდად ვერ გაიმეტა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე – ათწლეულების განმავლობაში პოლიციასთან თანამშრომლობა სამარცხვინოდ ითვლებოდა