ნინო ბურჯანაძე პატრიარქს შეხვდა-” ეს დახურული შეხვედრა იყო”

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე „ამაზრზენს“ უწოდებს საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი პირდაპირი დარტყმა იყო არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ „ჩვენი ერის სულიერების მიმართ, რაზეც დგას ქართველი ერი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს“.

„არ მგონია, რომ ახლა უნდა ვისაუბროთ ჩემი და პატრიარქის საუბრის დეტალებზე, რადგან ეს დახურული შეხვედრა იყო. მე ყოველთვის ვამაყობდი პატრიარქის კეთილი დამოკიდებულებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემდამი და ბუნებრივია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე იმ ამაზრზენი ფაქტის შემდეგ, რომელიც პირდაპირი დარტყმა იყო, მკვლელობის მცდელობა პრაქტიკულად, არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ჩვენი ერის სულიერების, უწმინდესს შევხვედროდი. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ უფრო გაერთიანდა და შეიკრა პატრიარქის გვერდით დასადგომად და ეს აბსოლუტურად გასაგებია.

მე რა თქმა უნდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე პატრიარქისთვის ჩემი განწყობა დამეფიქსირებინა, ასევე მე მას მოვუყევი იმ ფაქტის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბათუმში, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს მკვიდრმა მურად მალაყმაძემ მთხოვა, რომ მთელი დარბაზის სახელით, პატრიარქისთვის სოლოდარობა და გვერდში დგომა გადამეცა. პატრიარქს გადავეცი მისი სიტყვები, რომ თუ გონს არ მოვლენ ის ადამიანები, ვინც ებრძვიან პატრიარქს და ჩვენს რწმენას, ავზვირთდებით და წავლეკავთო. ამ სიტყვებს დარბაზში 500 კაცის ერთსულოვანი აპლოდისმენტები მოჰყვა“, – განუცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის ხედავს, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

ასევე პატრიარქს გადავეცი ის ფოტო, რომელიც მოსკოვში სრულიად შემთხვევითი შეხვედრისას რუსეთის მოქალაქემ მაჩვენა. ეს იყო პატრიარქის ახალგაზრდობის ფოტო, რომელსაც წლების განმავლობაში გულით ატარებდა და ატარებს. პატრიარქმა გაიხსენა, თუ ვის აჩუქა ეს სურათი, აღნიშნა, რომ ის არის მისი ნათლული და ძალიან ბედნიერია, რომ მათ ახსოვთ და ასე გულის ჯიბით ატარებენ მის ფოტოს.

ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ის რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებულია მომხდარით, თუმცა მხნედ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი სულიერად გაუძლებს ამ დიდ განსაცდელს, მაგრამ შეწუხებულია არა მხოლოდ იმით, რომ პირადად მას ატკინეს გული, არამედ იმით, რომ ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის ხედავს, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის გუნდის წევრებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, ოპონენტების წინააღმდეგ უტიფარი ბოდვა იმეორონ”
შემდეგი სტატია“მთავარია პატრიარქი გვიმყოფოს ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად”-დავით ჭიჭინაძე