ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ბიუროს წევრებს მიმართავს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ბიუროს წევრებს მოუწოდებს, მომავალ სხდომაზე შეიკრიბონ და საქართველოს “უბლოკო სტატუსთან” დაკავშირებული საკითხი განიხილონ.

მისი თქმით, პარტია აღნიშნული საკითხის განხილვას ელოდება, რათა შემდგომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.

“იმედია, ბატონები და ქალბატონები ამჯერად მაინც მოიცლიან და არ ჩაშლიან დანიშნულ ბიუროს სხდომას. მე ძალიან კარგად ვიცი პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა და ძალიან კარგად ვიცი ისიც, რომ პარლამენტის წევრის, მით უფრო, ბიუროს წევრის უპირველესი მოვალეობაა, დაესწროს ბიუროს სხდომას და არ ჩააგდოს უმნიშვნელოვანესი თემების განხილვა.

ჩვენ ველოდებით ამ პროცედურის დასრულებას, რათა უსწრაფესად დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვების პროცესი. ეჭვი არ მეპარება, რომ “უბლოკო სტატუსთან” დაკავშირებით, უმოკლეს დროში შევძლევთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, მაგრამ წინასაარჩევნი პერიოდია და მნიშვნელოვანია, პროცედურები დროულად იქნას გავლილი და პოლიტიკური კონექტურის გამო არ იყოს გადადებული მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა”,- აღნიშნავს ბურჯანაძე.

ბურჯანაძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ღია დიალოგში შევიდეს ყველა იმ პოლიტიკოსთან, რომელებიც “უბლოკოს სტატუსის” მოწინააღმდეგეა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომა, დამსწრეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ შედგა.

აღნიშნულ ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან შესული მიმართვა უნდა განეხილათ, რაც საქართველოს ე.წ. “უბლოკო სტატუსის” შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: ლევან ბერძენიშვილმა პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი უნდა დაანებოს და პენსიაზე გავიდეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ლადო ბედუკაძეზე: მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი