ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს, ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ, ამის დრო არ არის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2020 20:35

ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს, ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ, ამის დრო არ არის

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ახლა სიტყვებზე გამოკიდების დრო არ არის, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი.

„ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს, ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ, ამის დრო არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გრიგოლი ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი, აფასებს ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევას, რომელიც არის მაგიდის ირგვლივ, უპირველეს ყოვლისა ძალისხმევას იმ ახალგაზრდების, საზოგადოების და ოპოზიციური ერთობის, რომლებმაც მოიპოვეს პროპორციული არჩევნები. ასე სასწორით თუ დავიწყებთ აწონვას, ვიღაცის წვლილი მეტია და ვიღაცის ნაკლები, ეს ბუნებრივია, მაგრამ ფაქტი ერთია, საბოლოო შედეგი ვერ იქნება მიღწეული, თუ ყველას ძალისხმევა არ იქნა შეერთებული. ყველა წვლილი უნდა დავაფასოთ და მთავარია, მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს, ქვეყანას გავუკეთოთ რამე კარგი და შემდეგ უკვე ჩვენმა საზოგადოებამ აღნიშნოს, ვინ მეტი გააკეთა ქვეყნისთვის და ვინ ნაკლები. ახლა, ჩემი აზრით, არავინ ემოციას არ უნდა აჰყვეს. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ემოციურობით ან ზედმეტი განცხადებით, ზედმეტი შექებით, თუ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ ვინმეს გაკრიტიკებით, წყალს დავასხამთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე და გავაფუჭებთ საერთო საქმეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ „გირჩის“ ლიდერის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ზურა ჯაფარიძეს არ ეთანხმება. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ზურა ჯაფარიძე ზედმეტად ემოციური იყო შეფასებაში.

„ჯაფარიძის ასეთ ემოციურ განცხადებას არ ვეთანხმები. როცა სასწორზე დევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ქვეყნისათვის სამართლიანი არჩევნების მოპოვება და ოლიგარქიული მმართველობის შეცვლაა, ვიღაცაზე გაბრაზება არ არის სწორი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, პროპორციული არჩევნების დაპირება. მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი“.

გრიგოლ ვაშაძის მიერ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ ზურაბ ჯაფარიძის უკმაყოფილება გამოიწვია. „გირჩის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2020 20:35