16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ნინო ბურჯანაძე: ილია მეორემ საქართველოსთვის ბევრი გააკეთა და ქვეყნის წინაშე მისი მოღვაწეობა შეუფასებელია

პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე ილია მეორესთან ურთიერთობას იხსენებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ილია მეორემ საქართველოსთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ქვეყნის წინაშე მისი მოღვაწეობა შეუფასებელია.

,,გისამძიმრებთ ყველას, მართლა მთელ საქართველოს, საოცარი ადამიანი იყო, საოცარი პიროვნება იყო, მოღვაწე იყო საეკლესიო და სახელმწიფო და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წლები რომ გავა ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და დავინახავთ პატრიარქის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. შეუფასებელია, ჩემი აზრით, მისი მოღვაწეობა, ძნელია შეაფასო იმდენად ბევრი გააკეთა მან დადებითი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, საოცარი ადამიანური სითბო მახსოვს მისგან, ყურადღება, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია მაშინ, როდესაც მე ყველაზე მეტად მიჭირდა და მაშინ, როდესაც ის ადამიანები, ვინც ირგვლივ მეხვეოდნენ ხოლმე ისე გაიფანტნენ, როგორც დილის ნისლი. პატრიარქი იყო პრაქტიკულად ის გამონაკლისი, რომელიც უფრო მეტად მაფასებდა ლამის მას შემდეგ, რაც მე თანამდებობაზე აღარ ვიყავი, ვიდრე მანამდე, თუმცა მანამაც არ მაკლდა მისი მხარდაჭერა და მისი პატივისცემა და საოცრად ცდილობდა, რომ კომპესირება მოეხდინა იმ ბევრი უსამართლობის, რომელიც ჩემს ირგვლივ ხდებოდა.

ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, ყოველთვის მემახსოვრება ის და ვილოცებ მისთვის,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. მომდევნო დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ იქ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის საკათერდო ტაძარში, ილია მეორეს სურვილის თანახმად დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ბახვისწყალზე, ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება
შემდეგი სტატიამსოფლიო პატრიარქი: სამძიმარს და პირად მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას და მის ერთგულ მრევლს