ნინო ბურჯანაძე: გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში რატომ უნდა მომეხადა?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 7, 2019 21:53

ნინო ბურჯანაძე: გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში რატომ უნდა მომეხადა?!

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე მან წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა გავრილოვის ინციდენტის შემდგომ პროცესებს.

კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრასთან დაკავშირებით მან განმარტება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოსკოვიდან ჩამოფრენის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ გავრილოვის ინციდენტისთვის ბოდიში არ მოუხდია.

„გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში რატომ უნდა მომეხადა?! პირველი – წუხილი კი არა, აღშფოთებული ვარ და ეს განცხადება გავაკეთე ერთ-ერთმა პირველმა ჩემს პარტნიორებთან და ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომ გავრილოვი ჩასვეს იმ სავარძელში და ასეთი ფორმულირება იყო ჩვენი, საიდანაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო ამ ხელისუფლების უტვინობა, უგუნურება, უპასუხისმგებლობა, რამაც გამოიწვია ჩვენი ახალგაზრდების აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტი და შემდეგ უკვე მთლიანი საზოგადოების. ასე, რომ ბოდიში მოიხადოს „ქართულმა ოცნებამ“.

სამწუხაროა ის, რომ ჯერ სტუმარს ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებ შენი უტვინობის გამო, რომ ორი წელი ეხვეწები ჩამოდიო და მერე ისეთი ვითარება იქმნება ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარულად ვერ ალაგებ და ვერ უხსნი საზოგადოებას და ვერ უხდი ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროა ის, რაც ამას მოჰყვა, თუმცა ნამდვილად, პოლიტიკურად მოჰყვა ის პოზიტივი, რომ ახალგაზრდების წყალობით ჩვენ მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროა, იქ ადამიანებმა თვალი დაკარგეს და არ იყო სამწუხარო?! არ იყო სამწუხარო, რაც ამას მოჰყვა?“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის გააგრძელებს რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას.

„ბოდიში არ იყო, ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს, როგორც კონკრეტულად აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ასევე თუნდაც პროტესტის გამოხატვის იმ ძალიან უკიდურესად უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა. ეს ნამდვილად არ ეკადრებათ ქართველებს, არ ეკადრება ქართველი კაცის თავმოყვარეობას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეიძლება გამოხატო ყველაზე დიდი აღშფოთებაც კი ისე, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს არ მიაყენო შეურაცხყოფა. მგონი გასაგებად ვთქვი, თუ ვინმეს გაგება უნდა გაიგებს, თუ ვინმეს გაგება არ უნდა, ვერ გაიგებს, გააგრძელონ „ქართული ოცნების“ ტროლემბა და აქტივისტებმა ამ მიმართულებით მუშაობა. მე გავაგრძელებ მუშაობას იმ საქმისთვის, რასაც ჰქვია რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება და რასაც ჰქვია ელემენტარულად პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს მომხდარ ანტირუსულ სკანდალთან დაკავშირებით, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 7, 2019 21:53