ნინო ბურჯანაძე – გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა

region
ავტ.: region ნოემბერი 30, 2019 17:28

ნინო ბურჯანაძე – გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

მან დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციის განწყობა შეხვედრაზე აბსოლუტურად კონსტრუქციული იყო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ჩვენი განწყობა ნამდვილად იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ხაზს ვუსვამთ, რომ სისტემის შეცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ელემენტარულად მორალური პასუხისმგებლობა ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც მოიპოვეს ეს, ასე ვთქვათ, პროპორციული სისტემა და მით უფრო, მოიპოვეს დათხრილი თვალებისა და ძალიან მძიმე მორალური, მორალური შეიძლება არა, მაგრამ სულიერი და ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან ნათელი არგუმენტები წარადგინა.

„მე ყველა არგუმენტს – ორივე მხარეს ძალიან სერიოზულად ვუსმენდი, კონტრარგუმენტები ნამდვილად ვერ დავინახე მყარი. რაც ძალიან საინტერესოა და ჩემთვის კითხვის ნიშნის გამჩენია, არის ის, რომ ჩვენს წინადადებაზე, გავგზავნოთ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც არ არის ჩვენთვის იდეალური, მაგრამ არის ასე ვთქვათ, კომპრომისული და გამოსავლის შემომთავაზებელი ხელისუფლებისთვის, პრაქტიკულად უარი მივიღეთ როგორც ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, ასევე ოდირ-ში გაგზავნაზე, რაც ბუნებრივია, სერიოზულ კითხვებს აჩენს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ შემუშავებულ მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნოს.

„ამ წინადადებაზე შეთანხმებული ვართ მთავარ მაგიდასთან, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის წარმოდგენილი და ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს კანონპროექტი, რომ კითხვა აღარ დარჩეს მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი მხრიდან ითქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია თავადაც შემოგვთავაზონ გამოსავალი“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 30, 2019 17:28