ნინო ბურჯანაძე: დიახ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის

დიახ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ, თქვენ, მთელს საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ თქვენ ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა, არის ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება დაეთანხმოს მონობას. დარწმუნებული ვარ, რომ არა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი არ დათანხმდება იმას, რომ იყოს მონა, იყოს უუფლებო, იყოს ღირსებააყრილი. დიახ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ გვითხრა ძალიან ღიად, ტელევიზორში, რომ ფული მარტო მას აქვს, რომ ის დააფინანსებს ქართულ ოცნებას და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნებაო. დიდი მადლობა თქვენ, თითოეულ თქვენგანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნების დღიდან იბრძვის, რომ თქვენ დაანახეთ ფულით გაზულუქებულ ოლიგარქს და მის მანქურთებს, რომ ამ ქვეყანაში ღირსება გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფულები. დიახ, ეს ასეა.

მადლობა თქვენ ამისთვის და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის სიხარბე, რაც გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, როდესაც მარტო თავის თავზე იფიქრა, როცა არ იფიქრა თქვენზე, არ იფიქრა ათასობით ბავშვზე, რომელიც მშიერია; არ იფიქრა ათი ათასობით, ასი ათასობით ადამიანზე, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, არ იფიქრა ემიგრანტებზე, რომლებიც მართლა ყოველ ღამეს ათენებენ თავიანთი შვილების და მშობლების მონატრებით, ქვეყანაში დაებრუნებინა. იმ სიხარბემ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც გუშინ და თუნდაც გუშინწინ გამოავლინა. დიახ, კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა და ეს შეცდომა იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაშვებული შეცდომა. ფეხბურთზე აღარაფერს არ ვლაპარაკობ, თავის მოჭრა, სირცხვილი, ადამიანები არ დაეჯარიმებინათ მაინც. მაგრამ რაც ცესკომ გააკეთა, თავადვე გადაჭრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნებისმიერი გზა გადათვლაზე, რაღაც უაზრო მოლაპარაკებაზე, რადგან ვერანაირი აზრიანი ვერ იქნებოდა გადათვლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ასე მიმართა ნინო ბურჯანაძემ აქციაზე მყოფებს.

მისივე თქმით,​ მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც ადამიანებს მისცემს სწორი არჩევნების გაკეთების შესაძლებლობას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენ გვითხრა, რომ სასამართლო თქვენ არ გჭირდებათო, მართალია, ისინი მონებად გვთვლიან, სანამ ჩვენს ძალას არ დაინახავენ. მონებს სასამართლო არ სჭირდებათ, მაგრამ მართალია ჟვანიას გადმოსახედიდან და არა ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენ მათ დავანახებთ, რომ დიახ, სასამართლოც გვჭირდება, სამართალიც გვჭირდება, თავისუფლად არჩეული პარლამენტიც გვჭირდება, ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მონების მიერ დაწესებულ წესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.

აქ ითქვა, არც ერთი ლიდერი არ გაიყიდა, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, რადგან თქვენ დგახართ ჩვენს გვერდით ძალიან მყარად და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. დიახ, დღეს თქვენს წინაშე გამოვდივართ სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ მათ შორის არიან ახალგაზრდები და მე მინდა, გამოვყო, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც გადატეხა და ბოლო წლებში გავრცელებული თითქოს შეხედულება, რომ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ რა ხდება, ახალგაზრდები პოლიტიკისგან შორს არიან. დიახ, დღევანდელმა ახალგაზრდებმა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს, უთხრეს მთელ მსოფლიოს, რომ დიახ, ეს ჩვენი ქვეყანაა ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ჩვენ გვაინტერესებს და გვინდა, რომ ეს ქვეყანა ღირსეული და თავისუფალი იყოს. ყოჩაღ, ახალგაზრდებო, გააგრძელეთ ასე ვაჟკაცურად ბრძოლა და ჩვენ უფროსი თაობის ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ძალა და გამოცდილება მოგაშველოთ, შეცდომები თავიდან აგარიდოთ, არ ჩაგადენინოთ ის შეცდომები, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს ჩადენილი, რომ უფრო ადვილად მივიდეთ გამარჯვებამდე და ჩვენ ამას ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. დიახ, აქ ყველა ასაკის ადამიანია, ახალგაზრდაც, შუაასაკისაც, უფროსი თაობის ადამიანები, კიდევ უფრო უფროსი თაობის ადამიანები ტელევიზორით გვიყურებენ, ვისაც ფიზიკურად მოსვლა არ შეუძლია.

მაგრამ ვინც გახარებული იყო იმით, რომ ჩვენმა თაობამ თავისუფალ საქართველოში ცხოვრება შეძლო და ახლა რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომ ეს თავისუფალი ადამიანი ერთი ადამიანის ჯიბეში იქნება? არ იქნება ესე ბიძინა ივანიშვილო, არ იქნება, არ იცნობ შენ ქართველებს, არ იცნობ შენ საქართველოს, არ იცი შენ, რომ ეს ღირსეული ქვეყანაა. ჩვენ ყველანი ერთად მოვიპოვებთ ხელახალ არჩევნებს. არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ მშვიდობიან, ღირსეულ ბრძოლაში. ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის აქციაზე- ეს მიტინგი მომდევნო დღეებში გადაითარგმნება კოვიდ-ინფიცირებულთა და დაღუპულთა გაზრდილ რიცხვებში
შემდეგი სტატიამამაუკა ხაზარაძე: ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაყო შუაზე, დააპირისპირა ჩვენი ერი და ამის საფუძველს ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის უკვე ბოლო რვა წელიწადია