ნინო ბურჯანაძე – დღევანდელი შეხვედრა უშედეგო არ იყო, რადგან ხელისუფლებამ პირველად ღიად აღიარა, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა სამართლიანი არ არის

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ გარკვეული შედეგი მოიტანა.

კერძოდ, ბურჯანაძის თქმით, პირველად, ამ მოლაპარაკების დროს ხელისუფლებამ ღიად აღიარა, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა არ არის სამართლიანი და რომ ამ სისტემით არჩევნების ჩატარება მოსახლეობის განწყობას სამართლიანად არ ასახვს.

„მე ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არ იყო უშედეგო, რადგან პირველად, ხელისუფლებამ ამ მოლაპარაკებებზე ღიად აღიარა, რომ დღევანდელი სისტემა არ არის სამართლიანი და ამ სისტემით არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ ასახავს სამართლიანად მოსახლეობის განწყობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით იმას, რომ მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება მოიტანდა კონკრეტულ წინადადებებს, მაგრამ წინა შეხვედრაზე ისინი მზად არ იყვნენ პასუხისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი დღესაც მოუმზადებლები მოვიდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში გვიხსნიდნენ, რა ცუდია ჩვენს მიერ შეთავაზებული სისტემა მათთვის, რადგან გარკვეული პროცენტის მიღების დროს, იმაზე მეტს ვერ მიიღებენ პარლამენტში, ვიდრე მოსახლეობა მათ მხარს უჭერს, ეს კი არ აძლევთ მათ საშუალებას, უმრავლესობა შეინარჩუნონ“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, მომდევნო შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ უნდა წარმოადგინოს თავიანთი წინადადება მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით.

„მე ხაზგასმით ვთხოვე, რომ მოიტანონ თავიანთი წინადადება, რადგან ისინიც გვეთანხმებიან, რომ დღევანდელი სისტემა არ არის კარგი, რადგან ქვეყანა კრიზისში შევიდა იმის გამო, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა და პროპორციული სისტემა წაგვართვა. ახლა მათგან ველოდებით, მომდევნო შეხვედრაზე, მრავალმანდატიანის სქემაში რა ვარიანტი აწყობს ხელისუფლებას. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, ვინმეს მანდატები ჩამოვართვათ და წავართვათ, ან მოვუმატოთ, ჩვენი ამოცანაა, მანდატები გადანაწილდეს ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი გადაანაწილებს არჩევნების დრო, ხმის მიცემის პროცედურის შედეგად“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენ არასწორად ვაშენეთ ეკლესია, მრავალი შეცდომა დავუშვით
შემდეგი სტატია„არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს არასრულწლოვნის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული“ – ნინო ცაციაშვილი