ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ნამდვილად არ ვემზადებით რევოლუციისთვის

დღევანდელი შეკრება არის ზუსტად არეულობის, რევოლუციის საწინააღმდეგო სცენარი, რომ პარტიებმა კოორდინირებულად იმოქმედონ და გაყალბება გამოირიცხოს. ჩვენ ნამდვილად არ ვემზადებით რევოლუციისთვის, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი, მოვლენა, როდესაც ყველა მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა.

„ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. მსგავსი მოვლენა, როდესაც აბსოლიტურად ყველა მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ არავის მივცეთ უფლება, 2020 წლის არჩევნების გაყალბების და მანიპულირების, პრაქტიკულად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მომხდარა. ეს ნამდვილად არის სიგნალი ხელისუფლებისათვის, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქ ვეღარ მოხერხდება ის რაც 2016 წელს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმის შექმნაზე იმსჯელებს.

„შეიქმნება კონკრეტული შტაბი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა პარტია. არჩევნების დღეს იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგილიდან გადმოგზავნის ინფორმაციას დარღვევების შესახებ და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებილად იმოქმედებს. დაბოლოს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას თურმე ეს შეკრება უნდა, რომ რაღაც რევოლუციური სცენარი მოამზადოს, აი, ეს არის ზუსტად არეულობის, რევოლუციის საწინააღმდეგო სცენარი, რომ პარტიებმა კოორდინირებულად იმოქმედონ და გაყალბება გამოირიცხოს. ჩვენ ნამდვილად არ ვემზადებით რევოლუციისთვის, ბატონებო, თქვენ თუ არ გვაიძულებთ, რამე მსგავსი მიმართულებები გაჩნდეს საზოგადოებაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ აპირებს.

„არ ვაპირებ ფეოდალ მმართველს შევუქმნა კოალიცია, როცა ის აპირებს 50+1 აღებას ამ ვითარებაში და კვლავ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლას. თუ ამას დააპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან რომელიმე სხვა არც იმ პარტიას შევუწყობ ხელს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება