ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავჩეროთ ბორდერიზაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2020 12:22

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავჩეროთ ბორდერიზაცია

მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება – ამ პრობლემებზე ისაუბრა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც შიდა ქართლის საზვღვრისპირა სოფლებში პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ჩავიდა.
პარტიის ლიდერი ბეშუეთის და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარებისა და ბორდერიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის ტრაგედია, თქვენ წაგართვეს საფლავები, ყოველდღიურად გართმევენ მიწას. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ სწორედ მე და ჩემი გუნდი ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია მცოცავი ოკუპაციის პრობლემის მოგვარება. ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავჩეროთ ბორდერიზაცია.“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ბეშუეთისა და ნიქოზის ამომრჩევლებს.
მხარდამჭერებმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მოსახლეობას აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საძოვრები, სარწყავი და სასმელი წყალი. ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რომელიც ბეშუეთისა და ნიქოზის სოფლებში განსაკუთრებულად მძიმეა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა ხელისუფლებაში, ბეშუეთში სასმელი და სარწყავი წყალი არ აქვთ. არა იმიტომ რომ ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა წყლის მიწოდების მთელი რესურსი საკუთარ ნაკვეთებში გადაიტანეს და მოსახლეობისათვის მარაგი არასკმარისი აღმოჩნდა.
„ბატონო ბიძინა, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ აპირებთ თქვენ 50%-ის და მეტის აღებას, როდესაც ყველა რაიონში, ყველა სოფელში ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებში, ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად იზრდება და ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან, რა წამს გაავლებენ მათ ჭიშკართან საზღვარს. ჩვენ ამას დავასრულებთ, დავასრულებთ მშვიდობიანად არჩევნების გზით და შევძლებთ, რომ ქვეყანას ვუპატრონოთ.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2020 12:22