ნინო ბურჯანაძე: ბატონი ვაჟა მაქსიმალურად სწრაფად იქნება სახლში

დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვში გამართული შეხვედრებზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს საზოგადოებას აწუხებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი, ძალიან სერიოზულად იყო განხილული. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ცხადია, საუბარს ვიწყებდი სწორედ ამ თემით და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან. ის ამ პროცესს ძალიან გაგებით ეკიდებოდა. მე საჯაროდ სხვა დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ თარიღებთან და საათებთან დაკავშირებით არ ვაკეთებდი, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებმა არასწორი, არაეთიკური განცხადებები აკეთეს, თითქოს ჩემი სახელით რაღაც საათებს ასახელებდნენ, როდის გათავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი. მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ნინო ბურაჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წარმომადგენლების მხრიდან გადაწყვეტილი საკითხებია ავიაფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში რატომ უნდა მომეხადა?!